
თბილისი მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“ მასპინძლობს.
ღონისძიება თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით იმართება და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ფორუმი მისასალმებელი სიტყვით თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა.
კახა კალაძემ ყურადღება მშვიდობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, ექსპერტებს, ფორუმის ყველა მონაწილესა და დამსწრე საზოგადოებას ღონისძიებაში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
„წლევანდელი ფორუმი ყველაზე მასშტაბურია და მისი თემატიკაა „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“, რაც პირდაპირ ეხმიანება ჩვენს ერთობლივ მისიას – შევინარჩუნოთ მშვიდობა. არაერთხელ გვითქვამს, რომ არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ რეგიონში და ზოგადად, მსოფლიოში, დღეს მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. შესაბამისად, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, რადგან ის გვაძლევს საშუალებას, მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა. ბოლო წლების განმავლობაში, უკრაინაში და ზოგადად, მთელ მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა, კიდევ ერთხელ შეგვახსენა მშვიდობის ფასი და უალტერნატივობა. ეკონომიკური ზრდა, დასაქმება და ინვესტიციების მოზიდვა სწორედ მშვიდ, სტაბილურ და გაწონასწორებულ ქვეყანაში მიიღწევა. ამიტომ, მშვიდობა არ არის მხოლოდ სახელმწიფოებრივი სტრატეგიის, სამხედრო ან პოლიტიკური დღის წესრიგის რიგითი საკითხი. ის არის ფუნდამენტური სოციალური და ეკონომიკური რესურსი, რომელიც განაპირობებს ქვეყნის განვითარებას ყველა მიმართულებით, იქნება ეს ინვესტიციების მოზიდვა, ტურისტული პოტენციალის ზრდა თუ სხვა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, წლევანდელი ფორუმი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხმიანება, როგორიცაა – ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ინოვაციები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, უძრავი ქონების ბაზარი და თანამედროვე ტენდენციები სამშენებლო სექტორში. ღონისძიების მონაწილეები ასევე, იმსჯელებენ დემოგრაფიისა და მიგრაციის, სივრცითი მოწყობის, სატრანსპორტო რეფორმისა და ქალაქის განვითარებისთვის საჭირო სხვა მნიშვნელოვან თემებზე.
„ჩვენი სტრატეგიული მისწრაფება ეკონომიკური ზრდისა და მდგრადი განვითარების დამატებითი წინაპირობების შექმნაა, რაც თავის მხრივ, მოიცავს სისტემური ეკონომიკური საფუძვლების, ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის, ინოვაციური ეკოსისტემის, ჯანდაცვის მუნიციპალური სერვისების შემუშავებასა და გაძლიერებას. გისურვებთ პროდუქტიულ მუშაობას და ეფექტიან თანამშრომლობას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დედაქალაქი კიდევ უფრო უკეთესი გავხადოთ; ვიყოთ ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმ პატარა ქვეყნისა, რომელსაც კულტურის, დამწერლობის, მევენახეობა-მეღვინეობისა თუ სხვა არაერთი ღირსების პარალელურად, შეუძლია, იყოს ქვაკუთხედი მშვიდობის შენების, განვითარებისა და ინოვაციების დანერგვის საკითხებში“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის ფარგლებში, დედაქალაქი ყოველწლიურად, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს მასპინძლობს.
ღონისძიების მიზანი გამოცდილების, თანამედროვე მიდგომებისა და იდეების გაზიარებაა, რომელიც თანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და ქალაქების განვითარების მდგრად და გრძელვადიან პერსპექტივას ქმნის. ფორუმზე განხილული იქნება ისეთი თემები, როგორებიცაა: მდგრადი ეკონომიკური განვითარება, 8 000-წლიანი ტრადიციული მეღვინეობა, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ინოვაციები, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება, ცირკულარული ეკონომიკა, თანამედროვე ტენდენციები სამშენებლო სექტორში და სხვა.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო გამომსვლელები, ექსპერტები სხვადასხვა სფეროდან, ასევე, ბიზნესსექტორის, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
0
0