
თბილისის მერი, კახა კალაძე იტალიის ქალაქ მილანში ვიზიტის ფარგლებში ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტს, ატილიო ფონტანას და ვიცე-პრეზიდენტს, რაფაელე კატანეს შეხვდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-იტალიის ურთიერთობებზე, თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მიმდინარე და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე კახა კალაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მილანი მისთვის მშობლიური ქალაქია, სადაც არაერთი წელი იცხოვრა და სურვილი გამოთქვა ყველა იმ რესურსის გამოყენების, რაც თბილისსა და მილანს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს.
„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თბილი და მეგობრული შეხვედრისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, ვიმყოფებოდე იტალიაში, ჩემთვის მშობლიურ ქალაქ მილანში. ჩვენს ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების დიდი რესურსი არსებობს, მათ შორის: კულტურის, ტურიზმის, გამწვანება ურბანული დაგეგმარების, ნარჩენების მართვის, ტრანსპორტის და სხვა მიმართულებით. მე, როგორც თბილისის მერი, მზად ვარ, ყველანაირად შევუწყო ხელი ურთიერთობების გაღრმავებას. ლომბარდიის რეგიონს უდიდესი როლი აქვს იტალიის ეკონომიკის განვითარებისთვის. მინდა, მოგიწვიოთ თბილისში, ადგილობრივ ბიზნესსექტორთან ერთად. ბიზნესისთვის თბილისი და, ზოგადად, საქართველო ძალიან ხელსაყრელი, საინტერესო ქვეყანაა. ასე რომ, ვფიქრობ, ამ კუთხითაც თანამშრომლობა ძალიან წაადგება ორივე ქვეყანას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტმა, ატილიო ფონტანამ კახა კალაძეს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ბიზნეს დელეგაციასთან ერთად, მალე თბილისს ეწვევა.
„ძალიან მოხარულები ვართ თბილისის მერთან დღევანდელი შეხვედრით. გვახარებს ის ფაქტი, რომ ქალაქ მილანში გაიხსნა საქართველოს საკონსულო, რომელთანაც უკვე გვაქვს საქმიანი ურთიერთობები. როგორც იცით, ლომბარდიის რეგიონი არა მხოლოდ იტალიაში, ევროპის მასშტაბით, ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ინდუსტრიის განვითარების მაღალი დონით. შესაბამისად, გვაქვს სურვილი, გავაღრმაოთ ურთიერთობა საქართველოსთან, თბილისთან. დღეს თბილისის მერისგან მივიღეთ შემოთავაზება, ვიმუშაოთ ლომბარდიის რეგიონიდან ბიზნეს დელეგაციის თბილისში შესაძლო ვიზიტზე. მნიშვნელოვანია, წინასწარ შეთანხმდეს მხარეებისთვის საინტერესო საკითხები, რათა ეს ვიზიტი იყოს ნაყოფიერი. ასე რომ, გამოვთქვამთ მზადყოფნას, ვიმუშაოთ ამაზე“, – განაცხადა ატილიო ფონტანამ.
0
0
კახა კალაძე მილანის მერს შეხვდა
09/06/2025