
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატებს აგვისტოში წარადგენს.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის ახალი სახეებიც იქნებიან, რომელთა შესახებაც საზოგადოება მალე გაიგებს.
„აგვისტოში წარმოვადგენთ მაჟორიტარობის კანდიდატებს. დეტალურად, თუ ვინ იქნება სახელებითა და გვარებით, საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით იმიტომ, რომ ახალი სახეებიც გვეყოლება. მნიშვნელოვანია ხალხში გასვლა, პირდაპირი კომუნიკაცია. ვინც საკრებულოში უკვე დიდი ხანია მუშაობს და ჩვენს გუნდს წარმოადგენს, მათ არასდროს გაუწყვეტიათ მოსახლეობასთან კომუნიკაცია. ახალი სახეები, ვინც წარმოდგენილი იქნებიან, მნიშვნელოვანია, პირველივე წუთიდან ჩაერთონ მოსახლეობასთან კომუნიკაციაში“,-განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა არ დააკონკრეტა, აპირებს თუ თუ არა კიდევ ერთხელ არჩევნებში მონაწილეობას.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ეხება პირდაპირ კეთილდღეობას, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. კონკრეტულ უბნებში, რაიონებში არსებობს გამოწვევები. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, სოფლებში, ქალაქებში, თუმცა, ცხადია, არსებობს გამოწვევები, პრობლემები. თბილისზე ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო იმიტომ,რომ ყველა პრობლემა და გამოწვევა ვიცით, თუ რა უნდა გაკეთდეს. გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები“,-განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერი პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
„ოპოზიციაზე არ მინდა ვისაუბრო, ეს ჩემი საქმე არ არის, თვითონ ვერ გარკვეულან ერთმანეთში და არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუ როგორი ფორმით წარდგება, ვინ წარდგება, ვინ მიიღებს მონაწილეობას. მთავარი არის ის, რომ ჩვენ უკვე მზადება დაწყებული გვაქვს არჩევნებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ არასდროს კომუნიკაცია და კონტაქტი არ გაგვიწყვეტია ხალხთან. ეს არ თქმა უნდა, არის ჩვენი გუნდის ძალიან დიდი სიძლიერე. ერთადერთი გუნდი, ვისაც რეალურად გააჩნია კონკრეტული ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს დედაქალაქში, როგორ უნდა ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს პრობლემების არის სახით წარმოდგენილი, ეს არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, - განაცხადა კალაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის დასახელებას, კალაძემ უპასუხა: „ძალიან ნერვიულობთ ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით. თქვენ, როგორც მოქალაქეს რა გაგიხარდებათ, რომ ვიყო, თუ რომ არ ვიყო? ამ ქალაქში ცხოვრობ, კარგი თუ ცუდი, ყველას გვეხება. დაელოდეთ, როცა თარიღი იქნება ცნობილი, ყველაფერი ცხადი გახდება“,- განაცხადა კალაძემ.
0
0
სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
25/07/2025