
ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია, ღირსეული პასუხი გასცეს ყველა გამოწვევას და უპასუხოს იმ პრობლემებს, რომლებიც აქტუალურია ქალაქში, არის „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის პოლიტიკური დებატებისას განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისის მოსახლეობასთან ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.
„მინდა, განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით მივესალმო თბილისს და თბილისელებს. მინდა, დავიწყო მადლობით, მადლობა ვუთხრა დედაქალაქის მოსახლეობას იმ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რასაც ყოველდღიურად ვხვდებით. ჩვენი ძალა მდგომარეობას იმაში, რომ დღემდე არ გაგვიწყვეტია ურთიერთობა თბილისის მოსახლეობასთან, გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია, ვესაუბრებით სამომავლო გეგმებზე, განსახორციელებელ პროექტებზე. ასევე, არ გვიჭირს, თვალი გავუსწოროთ პრობლემებსა და გამოწვევებს. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია, ღირსეული პასუხი გასცეს ყველა გამოწვევას და უპასუხოს იმ პრობლემებს, რომლებიც აქტუალურია ქალაქში, არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, – განაცხადა კალაძემ.
0
0