
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დაკავება მოხდა კანონის ფარგლებში.
როგორც კახა კალაძემ მედიასთან აღნიშნა, ადამიანი ქრთამის მიცემის შეთავაზებას საჯაროდ გააკეთებს თუ ფარულად, ორივე შემთხვევაში დანაშაულად ითვლება.
„ქრთამის შეთავაზება ისეთივე დასჯადია, როგორც ქრთამის მიღება, ასევე მიცემა. მის ბოლოდროინდელ ქმედებებში ჩანს დანაშაული, რაზეც შესაბამისმა უწყებამ განცხადება გააკეთა. ქრთამის შეთავაზება საჯაროდ იქნება, თუ ფარულად, დასჯადია. რა მნიშვნელობა აქვს ფორმას? მაგალითად, ფარული ვიდეოჩანაწერი რომ ყოფილიყო, სადაც ის ხვდება სამართალდამცველებს და გაეკეთებინა ქრთამის მიცემაზე დაპირება, იგივე არ იქნებოდა? დანაშაულია, აბა რა არის, როცა პოლიციელებს ქრთამს სთავაზობ, რომ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგან. ამ შეთავაზებით ლევან ხაბეიშვილის მიზანი რა იყო, არ მაქვს ამაზე ზუსტი ინფორმაცია. ალბათ, როცა საშუალება მიეცემა, თავად გააკეთებს განმარტებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით გუშინ დააკავა.
0
0