
სიძულვილზე სიძულვილით პასუხი არის ის, რასაც ეს ადამიანები ელიან. ჩვენ უნდა მოვიქცეთ არა მათი უღირსობის, არამედ ჩვენი ღირსების შესაბამისად, - განაცხადა დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, სადაც ბოლო დღეებში მის საარჩევნო შტაბთან განვითარებულ მოვლენებზე შეფასება კიდევ ერთხელ გააკეთა.
კახა კალაძის თქმით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა მაშინაც კი, როდესაც ქალი ძალადობს და ბილწსიტყვაობს.
„ზოგადად, კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა მაშინაც კი, როდესაც ქალი შეუფერებლად იქცევა, ძალადობს და ბილწსიტყვაობს. მესმის, რომ ძალიან რთულია მოთმინებით უპასუხო ისეთ ადამიანებს - ქალებს და კაცებს, რომლებიც გუშინ და გუშინწინ საარჩევნო შტაბს დაესხნენ თავს. ეს ადამიანები არ ცნობენ არც საკუთარ სქესს, არც ეროვნებას, არც რელიგიას, არც სამშობლოს. აღარაფერს ვამბობ მათ მორალსა და ზნეობაზე. ეს არის გარედან დაფინანსებული აგრესიული ჯგუფი. ასეთი ინდივიდების ჩამოყალიბების პროცესი დღეს ან გუშინ არ დაწყებულა. მიზანმიმართულად ხდებოდა სხვადასხვა ინსტიტუციებში მათი გაწვრთნა, დატრენინგება, უსამშობლო მასად ქცევა. ამ ყველაფერში ათეულობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა. გახსოვთ ალბათ, წლების წინ, გია ბუღაძის ინიციატივით, სამხატვრო აკადემიაში ჩატარებული პერფორმანსი, სადაც პირისპირ მსხდომი ახალგაზრდები ერთმანეთს აფურთხებდნენ და ეს კონცეპტუალურ პროექტად დასახელდა“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, ოპონენტები ცდილობენ, ზიზღი და შეურაცხყოფა დემოკრატიულ პროცესად წარმოაჩინონ.
„ასეთივე დამაჯერებლობით“, ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლები ახლაც ცდილობენ, ზიზღი, სიძულვილი, შეურაცხყოფა, დემოკრატიულ პროცესად წარმოაჩინონ, რაც, ცხადია, განწირულია წარუმატებლობისთვის. ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც დაკავებულია შეურაცხყოფით, ზიზღით, ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს, რა თქმა უნდა, მათ არანაირი მომავალი პოლიტიკაში არ აქვთ და ყოველთვის განწირულნი იქნებიან მარცხისთვის.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ მათ ყველა ქმედებას მოთმინებით უნდა ვუპასუხოთ, რადგან სწორედ სიძულვილზე სიძულვილით პასუხი არის ის, რასაც ეს ადამიანები ელიან. ჩვენ უნდა მოვიქცეთ არა მათი უღირსობის, არამედ ჩვენი ღირსების შესაბამისად“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება საარჩევნო სამზადისს, დედაქალაქის მერის თქმით, ამ პროცესს ხელს ვერავინ შეუშლის და თბილისის განვითარება გაგრძელდება.
„დავუბრუნდები ისევ არჩევნებისთვის სამზადისს, ამ პროცესს ხელს ვერც უსამშობლო აგენტები შეუშლიან და ვერც მათი დამკვეთები. ჩვენ გვაქვს აღებული პასუხისმგებლობა თბილისელების წინაშე. გაძლევთ პირობას, გაგრძელდება თბილისის განვითარება, გაგრძელდება ყველა რეფორმა, რაც ჩვენი დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დღეს უკვე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: თუ ისინი კეტავენ გზებს და არ აძლევენ მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას, ჩვენ ვხსნით რეაბილიტირებულ, მოდერნიზებულ ქუჩებს, სკვერებს, პარკებს, საბავშვო ბაღებს, სპორტულ მოედნებს. თუ ისინი ზიზღის ენით უპირისპირდებიან ყველას, ვინც მათ გვერდით არ დგას, ჩვენ ვესაუბრებით მოსახლეობას მათ პრობლემებზე და ვცდილობთ, დავძლიოთ დედაქალაქში არსებული გამოწვევები“, - განაცხადა თბილისის მერმა.
0
0