
ნებისმიერი გეგმის განსახორციელებლად აუცილებელია უკრაინელებისა და ევროპელების მონაწილეობა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა.
კალასის თქმით, ევროპელები ყოველთვის უჭერდნენ მხარს ხანგრძლივ, სამართლიან მშვიდობას და მიესალმებიან ნებისმიერ ძალისხმევას ამის მისაღწევად.
„ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ კონფლიქტში არის ერთი აგრესორი და ერთი მსხვერპლი. ჯერჯერობით, ჩვენ არ გვინახავს რაიმე დათმობა რუსული მხრიდან“, – აღნიშნა კაია კალასმა.
ცნობისთვის, „ფაინენშალ თაიმსმა“ გამოაქვეყნა ახალი დეტალები უკრაინის ე.წ. სამშვიდობო გეგმის შესახებ, რომელიც, გამოცემის წყაროს ინფორმაციით, მაიამიში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს. როგორც გამოცემა წერს, გეგმა უკვე გადაეცა უკრაინულ მხარეს და კიევი მას მიუღებლად მიიჩნევს. „ფაინენშალ თაიმსის“ წყაროების ცნობით, ახალი გეგმა უკრაინის მხრიდან მნიშვნელოვან დათმობებს ითვალისწინებს და მის შემუშავებაში რუსი და ამერიკელი მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ. წყაროების ინფორმაციით, სამშვიდობო გეგმის პროექტი მოითხოვს უკრაინისგან დონბასის დარჩენილი ნაწილის, მათ შორის კიევის მიერ ამჟამად კონტროლირებული ტერიტორიების, გადაცემას, ასევე შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის სამხედრო დახმარების შემცირებასაც. ამასთან, „ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, გეგმა ითვალისწინებს რუსული ენის ოფიციალურ სახელმწიფო ენად აღიარებას უკრაინაში და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას.
0
0
შალვა პაპუაშვილი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა
20/11/2025