
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის პროდუქციაზე ახალი საბაჟო ტარიფების დაწესების მიზეზებთან დაკავშირებით ბრიუსელი ვაშინგტონისგან განმარტებებს მოითხოვს.
მისი თქმით, ევროკავშირისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი და უსიამოვნო სიურპრიზი იყო.
კალასმა აღნიშნა, რომ აშშ-ის არგუმენტი, თითქოს ევროკავშირი იძულებითი შრომის წინააღმდეგ ბრძოლაში საკმარის ზომებს არ იღებს, საფუძველს მოკლებულია.
„მაპატიეთ, მაგრამ ამას ევროკავშირზე ვერ იტყვით“, – განაცხადა კაია კალასმა „როიტერთან“ ინტერვიუში.
მისივე თქმით, ევროკავშირის შრომითი კანონმდებლობა ბევრად უკეთესად იცავს დასაქმებულთა უფლებებს, ვიდრე ამერიკული.
„ევროკავშირის შრომით კანონმდებლობას აშშ-ისას თუ შევადარებთ, ჩვენ გვაქვს ანაზღაურებადი შვებულება და თანამშრომლებისთვის ძალიან კარგი შრომითი პირობები. ამიტომ ეს ბრალდებები რეალობას არ შეესაბამება“, – განაცხადა კალასმა.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის თქმით, ბრიუსელმა სრულად შეასრულა 2025 წელს მიღწეული ტრანსატლანტიკური სავაჭრო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
„ჩვენ გვქონდა შეთანხმება ამერიკასთან და ჩვენი ვალდებულებები შევასრულეთ. მოლაპარაკებები მარტივი არ ყოფილა. ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პროგნოზირებადობა, ამიტომ ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის მოულოდნელი აღმოჩნდა“, – განაცხადა კალასმა.
ცნობისთვის, აშშ-ის ადმინისტრაციამ 60 სავაჭრო პარტნიორის, მათ შორის ევროკავშირისა და ჩინეთის, პროდუქციაზე 10%-დან 12.5%-მდე ახალი საბაჟო ტარიფები დააწესა ვაშინგტონის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი იძულებითი შრომის წინააღმდეგ არსებული აკრძალვების არასაკმარისი აღსრულებაა. ახალი ტარიფები ძალაში 24 ივლისს შევიდა და შეეხო იმ საქონელს, რომელიც ამ დროისთვის უკვე ტრანსპორტირების პროცესშია, ახალი ტარიფების ამოქმედება 28 ივლისამდე გადაიდო.
0
0