
რამდენადაც ვიცი, აშშ-სგან ნატო-სადმი არანაირი მიმართვა არ ყოფილა და ბრალდებები, რომ ნატო დახმარებისთვის არ მივიდა, დასაბუთებულად არ შეიძლება ჩაითვალოს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა.
კალასის თქმით, არ ესმის აშშ-ის ხელისუფლებისგან გაჟღერებული ასეთი ბრალდებების მიზანი.
ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ევროპამ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა როგორც თავდაცვაში ინვესტიციების, ასევე ალიანსების გაძლიერების თვალსაზრისით.
„პრეზიდენტი ტრამპი ყოველთვის გამოთქვამდა ნატო-ს მიმართ პრეტენზიას. ადრე ეს იმით იყო განპირობებული, რომ ყველა ქვეყანა ძალიან ცოტას დებდა თავდაცვაში. ნატო-ს ბოლო სამიტის შემდეგ ყველამ გაზარდა თავდაცვის ხარჯები და ევროპა ნამდვილად ცდილობს ამ ტვირთის უფრო მეტად ტარებას. თუმცა, ახლა ისევ ისმის პრეტენზიები, რომლებიც არ ეფუძნება დახმარების რეალურ თხოვნებს. ერთი მხრივ, ისინი თითქოს ამბობენ, რომ არავინ სჭირდებათ, მაგრამ მეორე მხრივ, გვადანაშაულებენ, რომ არ ვეხმარებით მათ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი თხოვნა საერთოდ არ გაკეთებულა. ასეთი თხოვნები მედიის საშუალებით არ იგზავნება. ჩვენ გვჭირდება რეალური წარმოება და უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა. რა თქმა უნდა, ვერავინ შეცვლის ამერიკელებს, რადგან ნატო სამოკავშირეო ურთიერთობებზეა აგებული, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ურთიერთობები წარმატებული იყოს“, – აღნიშნა კაია კალასმა.
0
0