
ევროკავშირი არ აპირებს აშშ-თან „ჩხუბის დაწყებას“ გრენლანდიის საკითხის გამო, თუმცა დაიცავს საკუთარ პოზიციებს და ამისთვის შესაბამისი ინსტრუმენტებიც აქვს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე, გრენლანდიასა და ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე გამართულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ევროკავშირი არ აპირებს ჩხუბის დაწყებას, მაგრამ დაიცავს საკუთარ პოზიციებს. ევროპას აქვს ინსტრუმენტების ნაკრები თავისი ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა კალასმა.
მისივე თქმით, მუქარები „არ აიძულებს დანიას გრენლანდიის დათმობას, თუმცა აშშ-საც და ევროპასაც უფრო გააღარიბებს“.
„ევროკავშირი ეჭვგარეშე რჩება დანიისა და გრენლანდიის გვერდით მათი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის საკითხში. შაბათს პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებმა შექმნა ვითარება, რომელშიც აქამდე არ ვყოფილვართ. ჩვენი პასუხი უნდა იყოს: სიმშვიდის შენარჩუნება, საკუთარი პოზიციების დაცვა და ერთობლივი მოქმედება“, – აღნიშნა კალასმა.
ამასთან, კალასმა განაცხადა: „გრენლანდია და დანია აწარმოებენ მოლაპარაკებებს აშშ-თან. სწორედ ამას აკეთებენ პასუხისმგებლიანი მოკავშირეები – ისინი საუბრობენ, თუმცა საუბრის ტონს აქვს მნიშვნელობა და მუქარები მიუღებელია“.
კალასმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა რუსეთი და ჩინეთი არქტიკაში უსაფრთხოების შერყევის მცდელობებში და აშშ-ს მოუწოდა, ნატო-ს ფარგლებში დაუპირისპირდეს რუსეთსა და ჩინეთს არქტიკასა და გრენლანდიაში.
0
0