ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 16 წლის შვილმა, ადამ კადიროვმა დუბაიში გამართულ ე.წ. UAE SWAT Challenge-ის შეჯიბრებაზე, რომელშიც მონაწილეობა არ მიუღია, მედალი მიიღო. შეჯიბრის მეოთხე დღეს საუკეთესო შედეგი აჩვენა ახმატის გუნდმა, რომელიც ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური პოლკის მებრძოლებისგან შედგებოდა.
UAE SWAT Challenge-ზე სხვადასხვა ქვეყნის სპეციალური ძალების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული გუნდები ერთმანეთს ტაქტიკური უნარების გამოყენებაში, გონებრივ კონცენტრაციასა და ფიზიკურ გამძლეობაში ეჯიბრებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ კადიროვის შვილი შეჯიბრებაში მონაწილეობას არ იღებდა, როგორც ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარის მაგომედ დაუდოვის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოდან ჩანს, იგი ჯილდოს ასაღებად სცენაზე პირველი ავიდა. დაუდოვის თქმით, ადამ კადიროვი ახმატის მებრძოლებს დუბაიში გამართულ შეჯიბრებებზე მხარს უჭერდა.
სახელმწიფო სააგენტო Grozny-inform-ის ცნობით, ჩეჩნეთის ლიდერის შვილი დაჯილდოებას დაესწრო, როგორც "უშიშროების დეპარტამენტის უფროსი". იგი ამ თანამდებობაზე გასული წლის შემოდგომაზე დაინიშნა, მას შემდეგ, რაც წინასწარი დაკავების იზოლატორში ყურანის დაწვისთვის დაკავებულ ნიკიტა ჟურავიელს სცემა.
0
0