
კომპანია Irs-Group-მა, რომელიც ჩეჩნეთის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის 19 წლის ქალიშვილმა ტაბარაკ კადიროვამ დააფუძნა, გასულ წელს 203 მილიონი რუბლის შემოსავალი და 196 მილიონი რუბლის სუფთა მოგება მიიღო. ეს გამომდინარეობს ღია წყაროებში გამოქვეყნებული საფინანსო დეკლარაციიდან.
საფინანსო ანგარიშის თანახმად, რომ ორგანიზაციის ბალანსი 196.4 მილიონ რუბლს შეადგენს. 2023 წელს გაწეული ხარჯები 6.2 მილიონს აღწევს. კომპანიას აქვს მხოლოდ 436 ათასი რუბლის საკრედიტო დავალიანება.
Irs-Group-ი 2023 წლის მარტში დარეგისტრირდა. კომპანიის საქმიანობა უძრავი ქონებისა და მიწის ნაკვეთების შეძენა-გაყიდვას, ვაჭრობას, გაქირავებასა და მართვას მოიცავს.
„კავკაზ.რეალიის“ ცნობით, ტაბარაკ კადიროვას კუთვნილმა კომპანიამ უკვე მოახერხა მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში და უძრავი ქონებაც საკმაოდ სარფიანად მიაქირავა რამდენიმე სახელმწიფო უწყებას, მათ შორის ქალაქ გროზნოს რაიონის განათლების დეპარტამენტს.
გასული წლის 1 აპრილს უკრაინამ რუსეთის მოქალაქეებისა და ბიზნესის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. სიაში მოხვდა ტაბარიკ კადიროვაც.
0
0