
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე, დავით ჭიჭინაძე, გიორგი ხაინდრავა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში იმყოფებოდნენ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ლიცეუმში სტუმრობა მასწავლებლების დაჯილდოებით დაიწყეს. მათ 6 პედაგოგს მასწავლებლის უმაღლესი სტატუსის - „მენტორის“ დამადასტურებელი სერტიფიკატები და ლიცეუმის მიერ სპეციალურად დამზადებული სამკერდე ნიშნები „მენტორი მასწავლებელი“ გადასცეს.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორის, პოლკოვნიკ მალხაზ გოლეთიანის წარდგინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ 6 მასწავლებელი განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მოღვაწეობის გამო შეარჩია. ლიცეუმის არსებობის მანძილზე ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა, როცა პედაგოგს მასწავლებლის უმაღლესი სტატუსი - „მენტორი“ მიენიჭა.
მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებმა სამხედრო ლიცეუმის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და კადეტების მონაწილეობით კულტურულ ღონისძიებას დაესწრნენ.
0
0