12/12/2024
12:53
მსოფლიო
როგორც Reuters-ს ორმა წყარომ განუცხადა, 12 დეკემბერს, დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე, ვაჭრობის დაწყების ნიშნად, ზარს დარეკავს. იმავე დღეს, ჟურნალი Time-ი დონალდ ტრამპს "2024 წლის ადამიანად" დაასახელებს. Time-ის წარმომადგენელმა აღნიშნული ინფორმაციის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე Reuters-ს უარი განუცხადა.
აშშ-ის ახლადარჩეულმა რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა, პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე, საკუთარი ბიზნესი ნიუ-იორკში, უძრავი ქონების სფეროში ინვესტირებით დაიწყო. პრეზიდენტის თანამდებობაზე პირველი ვადის განმავლობაში, მან თავისი წარმატება, ნაწილობრივ, საფონდო ბირჟის სიძლიერეს დაუკავშირა.
მსოფლიოს უდიდეს საფონდო ბირჟაზე ზარის რეკვა ვაჭრობის დაწყებასა და დასრულებას იუწყება და ამ ცერემონიალში მონაწილეობის მიღება საპატიოდ ითვლება. ზარის რეკვის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა ცნობილმა სახეებმა და პოლიტიკოსებმა, როგორებიც არიან რონალდ რეიგანი, ნელსონ მანდელა და არნოლდ შვარცენეგერი.
Time-მა დონალდ ტრამპს "წლის ადამიანის" წოდება 2016 წელსაც მიანიჭა. ასევე 2020 წელს დემოკრატი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი "წლის ადამიანებად" დასახელდნენ მას შემდეგ, რაც მათ ტრამპი დაამარცხეს. გასულ წელს, აღნიშნული ტიტული პოპ-ვარსკვლავმა ტეილორ სვიფტმაც მიიღო.
0
0