
გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, კალინ ჯორჯესკუს მაისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა.
ბუქარესტის საარჩევნო ბიუროს სპიკერმა 9 მარტს განაცხადა, რომ ჯორჯესკუს კანდიდატურა ბათილად არის ცნობილი. ბიურომ ჯორჯესკუს კანდიდატურასთან დაკავშირებით 1 000-ზე მეტი სარჩელი მიიღო. ბიუროს გადაწყვეტილების გასაჩივრება ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში შეიძლება.
წინასაარჩევნო გამოკითხვების მიხედვით, 4 მაისს დაგეგმილ არჩევნებში ჯორჯესკუ, სავარაუდოდ, ხმების 40%-დან 45%-მდე აღებას შეძლებდა, რაც მას რეალურ შესაძლებლობას მისცემდა, რუმინეთის პრეზიდენტი გამხდარიყო.
ჯორჯესკუმ, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, საკუთარი კანდიდატურა რამდენიმე დღის წინ წარადგინა. "ერთად ვუჭერთ მხარს ტრამპი-ვენსის ადმინისტრაციას ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის, კერძოდ, მშვიდობის, დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის", – განაცხადა ჯორჯესკუმ.
ცნობისთვის, რუმინეთში, კალინ ჯორჯესკუს წინააღმდეგ, გამოძიება ექვსი სხვადასხვა ბრალდებით მიმდინარეობს. მათ შორისაა ფაშისტური ორგანიზაციის წევრობა და საარჩევნო დაფინანსების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება. ჯორჯესკუ ბრალდებებს უარყოფს.
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. 22%-ით, დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა. მოგვიანებით, არჩევნებში რუსეთის შესაძლო გავლენის შიშის გამო, ეს შედეგები გააუქმეს.
რუმინეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები 4 მაისსაა ჩანიშნული.
Bloomberg მანამდე წერდა, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნები რუმინეთს მოუწოდებდნენ, ჯორჯესკუსთვის არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მიეცათ, შესაბამისად, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ, შესაძლოა აშშ-რუმინეთის ურთიერთობებს ზიანი მიაყენოს.
ბიუროს გადაწყვეტილებას მალევე ჯორჯესკუ X-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ რუმინეთი ტირანიული მმართველობის ქვეშ იმყოფება.
"პირდაპირ გულში დარტყმა მსოფლიოში დემოკრატიისთვის! ერთი გზავნილი დამრჩა! თუ რუმინეთში დამარცხდება, მთელი დემოკრატიული მსოფლიო დაეცემა! ეს მხოლოდ დასაწყისია, ეს ასე მარტივია!
ევროპა ახლა დიქტატურაა, რუმინეთი ტირანიის ქვეშ იმყოფება!" - დაწერა ჯორჯესკუმ.
0
0