ჯო ბაიდენი გამოთქვამს იმედს, რომ ირანი ისრაელთან ესკალაციას არ მოახდენს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მუქარა „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობის შემდეგ შურისძიებასთან დაკავშირებით.
ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაელ ჰანიე მოკლეს, ასევე განხორციელდა „ჰეზბოლას“ სამხედრო მეთაურის, ფუად შუქრის ლიკვიდაცია.
ირანული მხარე და დაჯგუფება „ჰამასი“ ისმაელ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და შურისძიების პირობას დებენ.
ისრაელს მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია, თუმცა არც უარყვია. ჟურნალისტის კითხვაზე, იტყვის თუ არა ირანი შურისძიების გეგმებზე უარს, ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უპასუხა, „ვიმედოვნებ, რომ კი, არ ვიცი“.
ცნობისთვის, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი დათანხმდა ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში საზღვაო ძალების დამატებითი კრეისერებისა და გამანადგურებლების გაგზავნას, რომლებსაც შეუძლიათ ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება, რათა დაიცვან ამერიკული ჯარები და დაეხმარონ ისრაელს ირანის, ასევე მისი მხარდაჭერილი ჯგუფების მხრიდან საფრთხეების წინააღმდეგ.
0
0