
დიპლომატიაში კარტ-ბლანშზე ხელის მოწერას სთხოვენ სუსტებს და დამორჩილებულ ქვეყნებს, არა მეგობრებსა და პარტნიორებს, როგორადაც ჩვენ თავს მოვიაზრებდით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
როგორც პაპუაშვილი წერს, „ზოგიერთი რამაც განარისხა, იყო იმის აღმოჩენა, რომ საქართველოს თურმე თავისი ეროვნული ინტერესი ჰქონია და მისი დაცვისთვის ბრძოლაც შეუძლია“.
„სხვათა შორის, ეროვნული ინტერესების ჭიდილს მსოფლიო ასპარეზზე ამ დღეებში ყველაზე ნათლად ვადევნებთ თვალს…“, – წერს პაპუაშვილი.
ამასთან, როგორც პაპუაშვილი წერს, შარშან გაზაფხულზე საუბარი ჰქონდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენთან.
„მასთან მხოლოდ ერთი კითხვა მქონდა – ასე უნდა იქცეოდნენ სტრატეგიული პარტნიორები? ერთადერთი თავის მართლება, რაც მოვისმინე, ის იყო, რომ მაშინ ყველა ელჩს დაევალა, მაქსიმალურად ჩაერთოთ ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ დადგენილ პოლიტიკაში და ალბათ, არ იყო სწორი, რომ საქართველოს სპეციფიკური მდგომარეობა და შესაძლო შედეგები არ იქნა გათვალისწინებული. – „კი, ახლა ამას ხედავთ, ომის ორ წელზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ“ – ვუპასუხე მე, – „მაგრამ რა მოხდებოდა, ჩვენ რომ მაშინ ბრმად დაგვეჯერებინა, დავყოლოდით მაშინდელ ელჩს ყოველგვარი გარანტიებისა და უსაფრთხოების ქოლგის გარეშე, სად ვიქნებოდით ახლა? ვისი ტანკი იდგებოდა გარეთ“? – პასუხად სიჩუმე იყო. ამ ისტორიის მორალი ისაა, რომ რთულ ვითარებაში და ნამდვილი კრიზისისას, შენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს. მთელი რისკი და პასუხისმგებლობა შენი ასაღებია და თუ ორმოში ჩავარდი, საბოლოოდ შეიძლება მხოლოდ წუხილის, შეშფოთებისა და თანაგრძნობის იმედად დარჩე“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
0
0