
ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ბრალდებული წევრი, გელა ხასაია და ვასილ ქერდიყოშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, ასევე, გადაისინჯა დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება და ის ძალაში დარჩა.
პროკურორი მარიამ წულაია სხდომაზე განმარტავდა, რომ რაიმე ახალი გარემოება, რაც დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის საფუძველი გახდებოდა, არ გამოკვეთილა. წულაია პატიმრობის ძალაში დარჩენას ითხოვდა.
ხასაიას ადვოკატის, ომარ ფურცელაძის განმარტებით, შეფარდებული პატიმრობა უნდა შეცვლილიყო.
ადვოკატის თქმით, ხასაიას ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, მის მიმართ 5 000-ლარიანი გირაო უნდა გამოყენებულიყო.
იგივე პოზიცია დააყენა ვასილ ქერდიყოშვილის ადვოკატმაც. სიტყვით ისარგებლა გელა ხასაიამაც.
„მთელი ეს პერიოდი, ვცდილობ, ამ ყველაფერში პატარ-პატარა სიმართლის დადგენას. შევეგუებოდი, თუკი სასამართლო, პროკურორი ამიხსნის, როგორ შემიძლია ზეწოლა მოწმეებზე, ვიდრე ამ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გარეთ",- განაცხადა ხასაიამ.
მას მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ სიტყვა შეაწყვეტინა და უთხრა, მისი საქმის გარშემო ესაუბრა.
„ღარიბაშვილს თავისი გაჭირვება აქვს",- განაცხადა მოსამართლე ხუჯაძემ.
მან დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, ძალაში დარჩა. საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.
ცნობისთვის, პროკურატურა გელა ხასაიას ედავება, რომ მან 1-ელ სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ვასილ ქერდიყოშვილთან ერთად, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენა დაზარალებულს - რამაზ ჩადუნელს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0