
ცხინვალს ეწვია ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოდან ჯიჰან სულთანოღლუ, ტოივო კლაარი და ვიორელ მოშანუ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველს, ჟენევის დისკუსიებზე სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელს, კონსტანტინე კოჩიევს შეხვდნენ.
შეხვედრაზე გამყოფ ხაზზე რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობა განიხილეს.
„რა თქმა უნდა, განვიხილეთ სოფელ კირბალში მომხდარი ინციდენტი, სადაც ადამიანი დაიღუპა. ჩვენ, როგორც თანათავმჯდომარეები, ძალიან შეშფოთებულები ვართ მომხდარით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო ძალის არაპროპორციული გამოყენება. ჩვენ ერთად უნდა ვიფიქროთ, როგორ უზრუნველვყოთ მოსახლეობის უსაფრთხოება (გამყოფი) ხაზის გასწვრივ. ეს არის ჟენევის დისკუსიების მნიშვნელოვანი ამოცანა – მოსახლეობის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინება“ - განაცხადა ტოივო კლაარმა.
ჯიჰან სულთანოღლუს თქმით, „დისკუსიის ყველაზე საკვანძო საკითხი ძალის გამოუყენებლობისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სახლში დაბრუნებაზე შეთანხმების ხელმოწერაა“.
„ვფიქრობ, ეს გამოწვევები გაძლიერდა ბოლო მოვლენების ფონზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმედი დავკარგეთ. აუცილებელია კონცენტრირება პრაქტიკულ ზომებზე, რათა მომავალში არ განმეორდეს მსგავსი სასაზღვრო ინციდენტები“, - განაცხადა სულთანოღლუმ.
კონსტანტინე კოჩიევმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ჟენევის დისკუსიები „უბრუნდება სტაბილურ, რიტმულ მუშაობას“ -იუწყება სააგენტო Res.
„მთავარი საკითხები, რომლებიც უნდა განვიხილოთ, არის უსაფრთხოება, სტაბილურობა და მუშაობა საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციაზე და შემდგომ დემარკაციაზე, ეს იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასაძლიერებლად“, - განაცხადა კოჩიევმა.
ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა დღეს ტირიფონის სარწყავი არხის მთავარი ნაგებობაც მოინახულეს. 22 ნოემბერს ისინი სოხუმს ეწვევიან.
0
0