
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი სიტყვით გამოვიდა Turning Point USA-ის შეკრებაზე მისისიპის უნივერსიტეტში, რომელიც ჩარლი კირკის პატივსაცემად გაიმართა.
მან სტუდენტებს გაუზიარა, თუ რა გავლენა მოახდინა კონსერვატორმა აქტივისტმა მის რწმენაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის მომავლისთვის მთავარია „სწორად ფესვგადგმული ქრისტიანული მორალური წესრიგი“.
„ბოდიშს არ ვიხდი იმის გამო, რომ ვფიქრობ, ქრისტიანული ღირებულებები ამ ქვეყნის მნიშვნელოვანი საძირკველია“, - განაცხადა ვენსმა, როდესაც მას კითხვა დაუსვეს ეკლესიისა და სახელმწიფოს განცალკევების შესახებ.
„ვინც გეუბნებათ, რომ მისი ხედვა ნეიტრალურია, დიდი ალბათობით, რაღაც გეგმა აქვს შესათავაზებელი. და მე, სულ მცირე, გულწრფელი ვარ იმაში, რომ ვთვლი, ამ ქვეყნის ქრისტიანული საფუძველი კარგი რამ არის“, - აღნიშნა მან.
რწმენაზე საუბრისას ვენსმა გააკრიტიკა თანამედროვე ლიბერალიზმი და მას „ქრისტიანობის გაუკუღმართებული ვერსია“ უწოდა.
„რა თქმა უნდა, არაფერია ცუდი იმაში, რომ ყურადღება გამახვილდეს, მაგალითად, იმ ადამიანებზე, რომლებსაც უფლებები შეზღუდული აქვთ. ეს ლიბერალიზმის ფოკუსია. მაგრამ თუ ამას მთლიანად გამოყოფთ ყოველგვარი რელიგიური მოვალეობისგან ან სამოქალაქო სათნოებისგან, მაშინ ეს შეიძლება იქცეს, მაგალითად, უკანონობის წამახალისებლად. არ შეიძლება, გქონდეს მხოლოდ თანაგრძნობა დამნაშავის მიმართ. სამართლიანობაც უნდა არსებობდეს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორად ფესვგადგმული ქრისტიანული მორალური წესრიგი ჩვენი ქვეყნის მომავლის ასეთი მნიშვნელოვანი ნაწილია“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ვენსმა განაგრძო და თქვა, რომ არ ფიქრობს, რომ ღმერთი უნდა განდევნონ საჯარო სივრციდან, და დასძინა, რომ არ სჯერა, რომ აშშ-ის დამფუძნებელ მამემბს ეს ჰქონდათ განზრახული.
„უზენაესმა სასამართლომ განმარტა ფრაზა „კონგრესი არ გამოსცემს არცერთ კანონს რელიგიის დაფუძნების შესახებ’“ ისე, რომ ეკლესია განდევნა ყველა საჯარო ადგილიდან ფედერალურ, შტატისა თუ ადგილობრივ დონეზე. ვფიქრობ, ეს საშინელი შეცდომა იყო და დღესაც ვიხდით მის შედეგებს“, - აღნიშნა მან.
0
0