აშშ-ის საპრეზიდენტო რბოლაში დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯეი დი ვენსმა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომზე კომენტირებისას განაცხადა, რომ საჭიროა უკრაინისთვის „მისაღები მშვიდობის“ დამყარება. ამის შესახებ ვენსმა ფილადელფიაში გამართული საარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, წერს „ამერიკის ხმა“.
„ჩვენ უნდა გვჯეროდეს მშვიდობის და მსოფლიოს ამ რეგიონში მშვიდობა უნდა დავამყაროთ“, - განაცხადა ვენსმა.
მისივე თქმით, „უკრაინელებს საკმარისი რაოდენობის სამხედროები არ ჰყავთ, რომლებსაც ბრძოლა შეუძლიათ“, თუმცა რა მონაცემებზე დაყრდნობით საუბრობდა, არ დაუკონკრეტებია. ვენსმა აღნიშნა, რომ რუსეთი არასოდეს შეიჭრებოდა უკრაინაში, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში.
„თუ გსურთ მშვიდობის დამყარება ამ რეგიონში, გჭირდებათ მომლაპარაკებელი, რომელსაც ვლადიმერ პუტინი პატივს სცემს. არის აქ ვინმე ასეთი? ცხადია, ჩვენ ახლა მიკერძოებულ საზოგადოებაში ვართ, მაგრამ ვინმე ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინი კამალა ჰარისს პატივს სცემს? მას [კამალა ჰარისს] ყველა თქვენგანის ეშინია. ის ნამდვილად ვერ შეძლებს ვლადიმერ პუტინთან ერთად დაჯდომას და მისაღები მშვიდობის ხელშეწყობას“, - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
0
0