08/11/2022
15:56
პოლიტიკა
ჯანმრთელობის მდგომარეობით ნებისმიერი სახის სპეკულაცია, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არის არაეთიკური, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოსგან ყველა პირობა აქვს შექმნილი იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა დაცული იყოს.
"ჯანმრთელობის მდგომარეობით ნებისმიერი სახის სპეკულაცია, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არის არაეთიკური. შესაბამისად, მე ამ საკითხზე მეტს ვერაფერს გიპასუხებთ, მე ვერ დავიწყებ წინასწარ შეფასებებს. როგორც მოგეხსენებათ,ჯერჯერობით ცენტრი "ემპათიის" დასკვნა არავის უნახავს, ეს დასკვნა უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს. მას შემდეგ როდესაც ეს დასკვნა იარსებებს, მრავალჯერ ვთქვი, ახლაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მხარეებს შეუძლიათ, რომ სასამართლოს იმ ფაქტის დასადასტურებლად მიმართონ, არის თუ არა ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი მძიმე, რომ არ შეესაბამებოდეს სასჯელის მოხდის მიზნებს და შემდგომში ამ საკითზე უნდა იმსჯელოს სასამართლომ და არა იუსტიციის მინისტრმა და იუსტიციის სამინისტრომ.
მე ერთი რამ შემიძლია ამ საკითხზე ვთქვა, რომ ამ ადამიანს ყველა პირობა აქვს შექმნილი სახელმწიფოსგან იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული და მისი ეს შესაბამისი უფლებაც იყოს უზრუნველყოფილი და ის შესაბამის კლინიკაში იმყოფება“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მისივე თქმით, პატიმრის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს და ყველამ, როგორც საქართველოს მოქალაქეებმა, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოში არსებულ კონსტიტუციურ წესრიგს პატივი უნდა სცეს.
„ევროკავშირი კანონის უზენაესობის იდეას ეფუძნება და კანონის უზენაესობა საქართველოში, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, კანონის მოთხოვნის განუხრელად დაცვას გულისხმობს. საქართველოს კანონმდებლობით მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის. იმისთვის, რომ პირმა დაწესებულება დატოვოს, მისი სასჯელი უნდა იყოს გადავადებული, ან ის უნდა იყოს გათავისუფლებული. ამის შესახებ გადაწყვეტილებას კი იღებს სასამართლო, რომელიც საქართველოში არის დამოუკიდებელი და ბუნებრივია, ყველანი ვალდებული ვართ, როგორც ქართველები, ასევე ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, პატივი სცეს, საქართველოში არსებულ კონსტიტუციურ წესრიგს,“ - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
რაც შეეხება საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელების ანგარიშში ცვლილებებს, რომელშიც ერთ-ერთი საკითხი მიხეილ სააკაშვილს ეხება, როგორც რატი ბრეგაძე აცხადებს, საქართველოს ეროვნულ ინტერესს შეიძლება ყოველთვის ჰყავდეს მოწინააღმდეგეები, მაგრამ ნებისმიერი სახის წინააღმდეგობა აუცილებლად იქნება დაძლეული.
„მე ამ შემთხვევაში არ დამისახლებია რომელიმე კონკრეტული ევროპარლამენტარი. მე გითხარით, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესს შეიძლება ყოველთვის ჰყავდეს მოწინააღმდეგეები, მაგრამ ნებისმიერი სახის წინააღმდეგობა აუცილებლად დაძლეული იქნება იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობამ ევროპული არჩევანი გააკეთა და ნებისმიერი ხელისუფლება ვალდებულია, ამ არჩევანს პატივი სცეს და ჩვენ ჩვენი მხრივ მაქსიმუმს ვაკეთებთ და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ნება სრული მასშტაბით იყოს უზრუნველყოფილი,“ - განაცხადა მინისტრმა.
0
0