25/07/2023
18:49
საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, დოქტორმა თომას ლიხტენბერგმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
თსუ-ის და DVV International-ის თანამშრომლობა მოიცავს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა სტაჟირებას, სასწავლო აქტივობებსადა კვლევით ურთიერთობას.
თსუ-ს რექტორის აკადემიკოს ჯაბა სამუშიას თქმით, განათლების მენეჯმენტის განვითარებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს უნივერსიტეტისთვის. მისი ინფორმაციით, მსოფლიო ბანკი ახორციელებს ძალიან საინტერესო პროექტს, რომლის ერთ-ერთი მიმართულებაა განათლების მენეჯმენტი.
„უახლოეს მომავალში, იგეგმება, რომ თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, პარტნიორებთან ერთად გააკეთებს საერთაშორისო განაცხადს და მონაწილეობას მიიღებს აღნიშნულ პროექტში“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
თსუ-ს ასოცირებული პროფესორის რუსუდან სანაძის ინფორმაციით, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ხორციელდება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა - პროფესიული განათლება.
მემორანდუმის საფუძველზე, აღნიშნული პროგრამის სტუდენტები DVV International-ის რეგიონული ცენტრების ბაზაზე გაივლიან სტაჟირებას, განახორციელებენ კვლევით საქმიანობას ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ერთობლივ კურსებში.
„მემორანდუმი იქნება ნაყოფიერი თანამშრომლობის დასაწყისი. პროექტის ფარგლებში, ვხვდებით ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლებს. ვფიქრობ, აკადემიური და პრაქტიკული თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. სტუდენტებისთვის და უნივერსიტეტის პერსონალისთვის საინტერესო იქნება პრაქტიკული მაგალითების გაცნობა“, - აღნიშნა გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, დოქტორმა თომას ლიხტენბერგმა.
DVV International-ი საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციაა, რომელიც 1969 წლიდან 30 ქვეყანაში, ხოლო საქართველოში 2002 წლიდან ოპერირებს. 2006 წლიდან დღემდე საქართველოში ორგანიზაციამ 15 ზრდასრულთა განათლების ცენტრი დააფუძნა.
DVV international მიზნად ისახავს ზრდასრულთა განათლებისა და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის კონცეფციის პოპულარიზაციასა და ხელშეწყობას. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ორგანიზაცია ქმნის და ავითარებს ზრდასრულთა და ახალგაზრდების დამატებითი განათლების მდგრად სტრუქტურებს.
თსუ-ის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტი DVV International-ის სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ ოფისთან 2008 წლიდან თანამშრომლობს და პოპულარიზაციას უწევს ზრდასრულთა განათლების საკითხებს.
0
0