01/08/2022
14:32
პოლიტიკა
ივნისში გაგრძელდა ეკონომიკური ზრდის დადებითი დინამიკა და ეკონომიკურმა ზრდამ 7.2% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ იანვარ-ივნისის საშუალო ზრდა გამოვიდა 10.5%. აღნიშნული ზრდა მართლაც ძალიან გამორჩეულია ევროპის მასშტაბით და ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს დინამიკა შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო, სავარაუდოდ სექტემბერში მთავრობა პარლამენტს ბიუჯეტის კორექტირებისთვის მიმართავს.
„მინდა ჩვენს ხალხს ვუთხრა, მაგალითისთვის, რომ ივნისში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა გაიზარდა 20.4%-ით, ხოლო ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6641 ერთეულს გაუტოლდა რაც დაახლოებით 36%-ით მეტია გასული წლის თვის მონაცემთან შედარებით. ასევე უნდა გითხრათ, რომ ექსპორტი გაიზარდა დაახლოებით 28%-ით და შეადგინა 448 მილიონი დოლარი, გაჯანსაღების ტენდენციები მაღალია ტურიზმის სექტორშიც. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე ივნისში იყო 88.7%, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 300 მილიონ დოლარზე მეტი. ასევე, ფულადი გზავნილების მოცულობა არის საგრძნობლად გაზრდილი და ივნისში შეადგინა 427 მლნ დოლარი, შესაბამისად, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული ტენდენცია შენარჩუნდება და მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება წელს. 7 თვეში ბიზნესს დღგ-ზედმეტობის სახით 1 მილიარდ 233 მილიონ ლარამდე დაუბრუნდა. საკრედიტო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა აქართველოს სუვერენული რეიტინგი კვლავ „BB“ სტაბილურ დონეზე შეაფასა. საქართველოს ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალ დონეზე ფიქსირდება, რაც მთავრობის ვალის მშპ-სთან წილის სტაბილიზებას უწყობს ხელს, ხოლო მსგავსი რეიტინგის ქვეყნებთან შედარებით, გააჩნია მნიშვნელოვნად მაღალი მმართველობის ინდიკატორები. სავარაუდოდ სექტემბერში მივმართავთ პარლამენტს და მოვახდენთ ბიუჯეტის კორექტირებას, ბიუჯეტი გაიზრდება, ვინაიდან დამატებითი შემოსავლები გაუჩნდა სახელმწიფოს ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო და უფრო მეტი თანხები გვექნება გადასანაწილებელი უწყებების მიხედვით და მეტი პროექტი დაფინანსდება“, - აცხადებს პრემიერი.
0
0