26/11/2024
15:37
პოლიტიკა
ცინიზმის მწვერვალია, როცა რუსული რეჟიმი ამბობს,რომ ვინმემ ვინმეზე იძალადა, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა რუსთაველზე აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანატოლი გიგაურის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, ანატოლი გიგაური პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული.
„არავის დაგვიწყებია თავპირდალეწილი ახალგაზრდები და არა მარტო ახალგაზრდები. ამ შემთხვევებთან დაკავშირებით, ხომ არ გახსენდებათ, დაკავებული ან გამოკითხული არის ვინმე მაინც? როდესაც სახის ძვლები დაუმტვრიეს ადამიანებს, თავის ქალა ააძვრეს, ქუჩა-ქუჩა, უბან-უბან დასდევდნენ და სცემდნენ. 21 წლის ბიჭი ციხეში ჰყავთ გამოკეტილი, ახლა აპირებენ 2 შვილის მამა ციხეში გამოკეტონ. ეს არის ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის სახე. არ ეშვება დედების, მამების, ბებია-ბაბუების, მშობლების წვალებას, წამებას და უნდა ეს მაზოხიზმი საზოგადოებას აყურებინოს და მიაწოდოს, როგორც საკვები. ცხადია, ეს აქტიც, რომელიც განახორციელეს, თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია. როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ვინმემ ვინმეზე იძალადა, მთავარი ამრევი, გადამტრიალებელი და მოძალადე ამ ქვეყანაში არის რუსული რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა ხელისუფლება, გაუქმა საქართველოში დემოკრატია, არჩევნები და ახლა დასდევს ქუჩა-ქუჩა არა მარტო ახალგაზრდებს. ცდილობს, რომ მათ თავისუფლება აღუკვეთოს. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ არცერთი ასეთი ადამიანი მარტო არ დარჩება და ყველას ინტერესებს დავიცავთ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა. ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0