10/11/2022
15:06
პოლიტიკა
რეზოლუციაში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც გახდა და გახდება კიდევ სპეკულაციების საგანი, ვერ შეცვლის იმ რეალურ ისტორიას, რაც დგას ბიძინა ივანიშვილის უკან, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში საქართველოს შესახებ მიღებულ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.
ამასთან, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველოს ევროპულ მომავალს, საქართველოს ევროპულ პერსპექტივას არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ვერავინ შეაჩერებს საქართველოს სვლას ევროპისკენ. თალაკვაძის განცხადებით, საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი.
„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ საერთო ჯამში, ამ ანგარიშში არის გამოხატული ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ეს არის ის, რაც ჩვენ ორმხრივ შეხვედრებზე მოვისმინეთ ევროპაში ვიზიტების დროს. რაც შეეხება პოლიტიკური რეზოლუციების თუ ჩვენი ოპონენტების შეფასებებსა და მათ განცხადებებს, პირველ რიგში, მე მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს, საქართველოს ევროპულ პერსპექტივას არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ვერავინ შეაჩერებს საქართველოს სვლას ევროპისკენ. ეს უკვე დაადასტურა ევროკავშირმა და ევროპულმა საბჭომ თავისი გადაწყვეტილებით. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება, პირიქით, ჩვენ მოველით უახლოეს მომავალში, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი. ხელისუფლება საზოგადოებასთან ერთად ყველაფერს აკეთებს ამისთვის. რეზოლუციაში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც გახდა და გახდება კიდევ სპეკულაციების საგანი, ვერ შეცვლის იმ რეალურ ისტორიას რაც დგას ბიძინა ივანიშვილის უკან - ეს არის ადამიანი, რომლის უშუალო პოლიტიკური ლიდერობითაც საქართველოში მოქალაქეებს დაუბრუნდათ სახელმწიფო, საქართველოში დაბრუნდა რეალური დემოკრატია, როდესაც მოქალაქეების ხმას, მათ არჩევანს, მათ პრობლემებზე საუბარს აქვს აზრი, როდესაც ჯანდაცვა, სოციალური დაცვის სისტემა, მართლმსაჯულება, სამართალდამცავი სტრუქტურები ემსახურებიან მოქალაქეებს, როდესაც ბიზნესი არის თავისუფალი, მედია არის უფრო მრავალფეროვანი და საქართველოს აქვს ხელშესახები პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის რეალურად ის საქმეები, რაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ლიდერობით გაკეთდა საქართველოში. ამის გარდა, არის ძალიან დიდი საქველმოქმედო პროექტები, განათლების, კულტურის, სპორტის სფეროში, რომელსაც ჩვენი საზოგადოება აფასებს. მას არ უყვარს ამაზე საუბარი და ჩვენც, პოლიტიკოსები, უფრო მეტ კომენტარს და მეტ შეფასებას ვაკეთებთ იმ პოლიტიკურ მოღვაწეობაზე, რომელიც მან გასწია. დღეს ბიძინა ივანიშვილი გასულია პოლიტიკიდან, ვხედავთ, რომ იმ უღირს ბრალდებებს, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ მათ სატელიტ პარტიებს აქვთ მის მიმართ, ხშირად შეურაცხყოფებსაც, თვითონ არც კი პასუხობს, არც კი თვლის ღირსად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავტოვებთ უპასუხოდ ამ ქმედებებს, ამ უსაფუძვლო თავდასხმებს, ამ უსამართლო განცხადებებს, რომელსაც აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისათვის, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს კომპრომისული შესწორებებით მხარი დაუჭირა. ევროპარლამენტი საქართველოს ურჩევს ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესების გადაჭარბებულ გავლენის პრობლემა მოაგვაროს. დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას უფლება, გაიაროს სათანადო მკურნალობა საზღვარგარეთ ჰუმანიტარულ ნიადაგზე და გამოიყენოს ეს როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება. ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და გადახედოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს მედიის მუშაკებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედია საშუალებების მფლობელების ან ახლო ოჯახის წევრების წინააღმდეგ; დოკუმენტი ამ კუთხით განიხილავს ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის ნიკა გვარამიას, ისევე როგორც სხვა მედიასაშუალებების, როგორიცაა „ფორმულას“ და „პირველი TV“-ს დირექტორებისა და დამფუძნებლების შემთხვევას და იმეორებს გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გადახედვის მოწოდებას.
0
0