
2012 წლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილია ის კაცი, ვინც გაუყენა საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებას და აბსოლუტურად ჩამოაშორა ყოველგვარი ანტიევროპული ნიშანი ქვეყანას - ამ სიტყვებით პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას გამოეხმაურა.
ვოლსკის შეფასებით, აღნიშნული ევროპარლამენტარის განცხადება "უტიფარია".
"მე ასეთი უტიფარი განცხადება ამ დონიდან არ მომისმენია. გასაგებია, რომ შენი მოკავშირეა პოლიტიკური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" და დიდი ხანია ხდება ეს, მაგრამ ხომ ყველამ იცის, მოკავშირეა შენი პარტია, რომელმაც გესტაპოს მეთოდებით მართა ეს სახელმწიფო და 2012 წლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილია ის კაცი, ვინც გაუყენა საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებას და აბსოლუტურად ჩამოაშორა ყოველგვარი ანტიევროპული ნიშანი ქვეყანას. ეს მან კარგად იცის, მაგრამ მაინც დგას ამ პოზიციაზე, ვინაიდან გამოეცალათ ყველა სხვა არგუმენტი, უნდა ებრძოლონ ადამიანს, რომელსაც დღევანდელ პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია," - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ამასთან, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი კი აცხადებს, რომ ევროპარლამენტში არსებულ ყველა დეპუტატს შესაძლოა ჰქონდეს თავისი მოსაზრება და შესაბამისად, რთული თითოეული მათგანის მოსაზრების სახელმძღვანელოდ აღება. მისივე შეფასებით, არსებობს ბრიუსელიდან ოფიციალური განცხადებები, რაც რეალურად გასათვალისწინებელია.
ცნობისთვის, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში რასა იუკნევიჩიენე აცხადებს, რომ "თუ "ქართული ოცნების" არჩევანი ბიძინა ივანიშვილია და არა ევროკავშირის წევრობა, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ივანიშვილი ევროპულ პერსპექტივაზე უკეთესია". ევროპარლამენტარი, ასევე, ამბობს, რომ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
0
0