14/12/2022
18:40
პოლიტიკა
ევროპარლამენტის რეზოლუციის მე-5 შესწორებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს და ყველა იმ პირს, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე, სანქციები უნდა დაუწესდეს იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ საქართველო ხელს უწყობს რუსეთს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლაში.
„ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს ამ ბრალდებების შემდგომი გამოკვლევისკენ, ასევე უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის შესწავლისკენ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირებს ეხება. ამ ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში, ევროპარლამენტი ითხოვს პირადი სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი პარტნიორების/თანამოაზრეების წინააღმდეგ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კრემლთან კავშირების გამო, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს და მის კომპანიონებს, რომლებიც რუსეთის მიმართ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის ორაზროვანი პოზიციის უკან დგანან; ამ მხრივ, ევროპარლამენტი მიესალმება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-8 პაკეტის მიღებას, რომელიც ახალი კრიტერიუმების ჩამონათვალს მოიცავს, რაც ევროკავშირს საშუალებას მისცემს სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც ხელს უწყობენ სანქციების გვერდის ავლას.
ასევე, ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ცალკეული პირების პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის საჭიროებას, როგორც ევროპული კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე უნდა გადაიჭრას;
რეკომენდაცია ეწევა პირადი ინტერესების, განსაკუთრებით ყოფილ პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენების საკითხის სისტემურ გადაწყვეტას ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სტრუქტურული და რეგულატორული რეფორმების გატარების გზით;
კვლავ მოვუწოდებთ ევროკავშირის საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები, მათ შორის პირადი სანქციები დაწესდეს ბიძინა ივანიშვილისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის გაუარესებაზე“,- ნათქვამია ევროპარლამენტის ანგარიშში.
ევროპარლამენტის რეზოლუციის მე-5 შესწორების ავტორია ევროპარლამენტის დეპუტატი მირიამ ლექსმანი. შესწორებას 275-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 212-მა საწინააღმდეგოდ მისცა ხმა, 132-მა კი - თავი შეიკავა.
0
0