
ბრიტანულ გამოცემა The Times-თან ინტერვიუში პარტია „ბატკივშინას“ ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ რუსეთის სრულმასშტაბური ომის დაწყების შემდეგ, დასავლურმა ქვეყნებმა უკრაინის სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიუღებელი კონტროლი დაამყარეს.
„რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დაწყების შემდეგ, დასავლურმა ქვეყნებმა, სესხების შეჩერების მუქარით, უკრაინის სახელმწიფო ინსტიტუტებზე, სახელმწიფო ბანკებსა და მონოპოლიებზე მიუღებელი კონტროლი დაამყარეს, რაც ქვეყნის სუვერენიტეტს ძირს უთხრის. ეს სასტიკი და უსამართლო მიდგომაა ომში მყოფი ქვეყნის მიმართ“, - აღნიშნა უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.
გამოცემა The Times-ი აღნიშნავს, რომ ტიმოშენკოს არგუმენტი იმის შესახებ, რომ უკრაინის სუვერენიტეტი საფრთხეშია, ძირითადად ეფუძნება დასავლელი ექსპერტების ყოფნას საკონსულტაციო ჯგუფებში.
ეს ჯგუფები კანდიდატებს არჩევენ უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სახელმწიფო საბაჟო სამსახურში, სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროში, აუდიტის პალატასა და ანტიკორუფციულ სააგენტოებში დასანიშნად.
„უკრაინა არ არის ჩამოშლილი სახელმწიფო, როგორც ამას კრემლი ცდილობს წარმოაჩინოს. ჩვენ ვართ სუვერენული ევროპული სახელმწიფო, რომელიც გმირულად უწევს წინააღმდეგობას სრულმასშტაბიან აგრესიას და იარაღით ხელში იცავს ევროპულ ღირებულებებს. ჩვენ ავღანეთი არ ვართ“, - აღნიშნა იულია ტიმოშენკომ.
„ნუ გვეტყვით, რომ უკრაინელებს შეუძლიათ ევროპაში მშვიდობისთვის მოკვდნენ, მაგრამ რატომღაც უვარგისნი არიან საკუთარი ქვეყნის სამართავად. ჩვენს დასავლელ მეგობრებს არ ჰქონდათ უფლება, იმის მოლოდინი ჰქონოდათ, რომ ჩვენი ერის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ მომენტში, უკრაინამ დახმარების ან სესხების საფასურად საკუთარი სუვერენიტეტით უნდა გადაიხადოს“, - დასძინა მან.
0
0