
იტალიის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ერთსქესიან წყვილებს შორის არაბიოლოგიურ დედას უფლება აქვს, რომ მამისთვის განკუთვნილი დეკრეტული შვებულება აიღოს, რაც მას მამასთან ერთად ახალშობილთან დროის გატარების იმავე უფლებებს ანიჭებს.
სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია მშობლის შვებულების შესახებ 2001 წლის დეკრეტი, რადგან ის არ ითვალისწინებდა ლესბოსელთა სამოქალაქო კავშირში მყოფი არაბიოლოგიური დედისთვის სავალდებულო 10-დღიანი დეკრეტული [მამისთვის განკუთვნილი] შვებულების უფლების მინიჭებას.
სასამართლოს განცხადებით, ბავშვის ორივე მშობელთან დროის გატარების აუცილებლობა და მშობლების მოვალეობები არ უნდა იყოს დამოკიდებული მათ სექსუალურ ორიენტაციაზე.
მაისში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორ ქალს შეუძლია, რომ ბავშვის დაბადების მოწმობაში მშობლად დარეგისტრირდნენ და, ერთსქესიანი მშობლების ოჯახებში, ორივე ქალს უნდა ჰქონდეს თანაბარი იურიდიული უფლებები, როგორც მშობლებს - და არა მხოლოდ იმ ქალს, ვინც ბავშვი გააჩინა.
იტალიაში ხელოვნურ განაყოფიერებაზე მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული და სუროგაცია 2004 წლიდან აკრძალულია. გასულ წელს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის მთავრობის მმართველობის დროს, ქვეყანამ გააფართოვა აკრძალვის ზომები, რათა იტალიელებისთვის სუროგაციის გზით შვილების გაჩენა დანაშაულად ჩათვლილიყო მაშინაც კი, თუ ისინი საზღვარგარეთ წავიდოდნენ. 21 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება ეხება იმ ქალებს, რომლებიც საზღვარგარეთ კანონიერად მოპოვებული ხელოვნური განაყოფიერების მკურნალობისთვის გაემგზავრნენ.
კანონმდებელმა ალესანდრო ზანმა, რომელიც დიდი ხანია იბრძვის იტალიაში ლგბტქ+ უფლებების გაძლიერებისთვის, სასამართლოს გადაწყვეტილებას „სასტიკი დისკრიმინაციის“ ისტორიული დასასრული უწოდა.
„სამართლიანობა მთავრობას მარტივ ჭეშმარიტებას ახსენებს: სიყვარული ქმნის ოჯახს და ყველა ბავშვი იმსახურებს ორივე მშობლისგან მზრუნველობასა და დაცვას, დისკრიმინაციის გარეშე“, - თქვა ზანმა.
0
0