
იტალიაში 24-საათიანი საყოველთაო გაფიცვა მიმდინარეობს. საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლები.
საინფორმაციო სააგენტო ANSA-ს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 100 დემონსტრაცია და მსვლელობაა დაგეგმილი.
პროტესტის მონაწილეები აპროტესტებენ ცხოვრების გაძვირებას, ჯანდაცვისა და განათლების სფეროების დაფინანსების შემცირებას. გაფიცვას სტუდენტებიც შეუერთდნენ, რომლებიც თავდაცვის ხარჯების ზრდას ეწინააღმდეგებიან.
გაფიცვის გამო შეფერხებულია რომის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა. დახურულია მეტროს C ხაზი, ხოლო A და B ხაზებზე, ასევე ავტობუსების მოძრაობისას, შეზღუდვებია მოსალოდნელი. დედაქალაქის ცენტრში რამდენიმე საპროტესტო მსვლელობა იმართება.
ამასთან, საყოველთაო გაფიცვას არ შეუერთდნენ საჰაერო და სარკინიგზო ტრანსპორტის თანამშრომლები, თუმცა შაბათს, ადგილობრივი დროით 21:00 საათზე, რკინიგზის თანამშრომლების ცალკე გაფიცვა დაიწყება.
საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს ევროპის სხვა ქვეყნებშიც. ესპანეთში რკინიგზის პროფკავშირებმა 24-საათიანი გაფიცვა გამოაცხადეს. ისინი სარკინიგზო უსაფრთხოების გაუმჯობესებას მოითხოვენ. გადაწყვეტილება ტოლედოს პროვინციაში ავარიას მოჰყვა, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, 69 ადამიანი ემსხვერპლა.
ლიეტუვაში კი, განათლების სფეროს თანამშრომლების უვადო გაფიცვა დაიწყო. მასში 220 საგანმანათლებლო დაწესებულების დაახლოებით 4 000 პედაგოგი მონაწილეობს.
0
0