
ჰააგის სასამართლოს მიერ, ვლადიმერ პუტინის მიმართ დაკავების ორდერის გაცემის ფაქტს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და “ისტორიული გადაწყვეტილება” უწოდა, რომელსაც "ისტორიული პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს".
"ჩვენ გვაქვს საერთაშორისო მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. საქმეს აქვს რეალური პერსპექტივა. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ისტორიული გადაწყვეტილება, საიდანაც დაიწყება ისტორიული პასუხისმგებლობა.
ტერორისტული სახელმწიფოს მეთაური და კიდევ ერთი რუსი ოფიციალური პირი ოფიციალურად გახდნენ ეჭვმიტანილები სამხედრო დანაშაულში. უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში - ჩვენი ათასობით ბავშვის უკანონო გადაყვანა ტერორისტული სახელმწიფოს ტერიტორიაზე... ართმევენ მათ ნათესავებთან დაკავშირების ნებისმიერ შესაძლებლობას - ეს ყველაფერი აშკარად არის აგრესორის სახელმწიფო პოლიტიკა, სახელმწიფო გადაწყვეტილებები, სახელმწიფო ბოროტება," - განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც ცნობილია, ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.
0
0