18/12/2024
00:34
საზოგადოება
თბილისში ისტორიკოსების აქცია-მსვლელობა გაიმართა.
როგორც მარშის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, ის ისტორიკოსი არ არის, თუმცა ძველი ტანისამოსით ცდილობს ისტორიის გაცოცხლებას.
მისივე თქმით, ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ თავისუფლებისთვის და იცავდნენ ევროპას.
„მე ოფიციალურად ისტორიკოსი განათლებით არ გახლავართ, მაგრამ ვარ მოყვარული რეკონსტრუქტორი, რომ გავაცოცხლო ჩვენი ქართული კულტურის, წარსულის ისტორია. მარტო ის არ არის, წიგნში წაიკითხო, რა ხდებოდა და როგორ იყო, არამედ გავაცოცხლო ქართველი მეომრის სახე. სხვადასხვა ეპოქის და პერიოდის აბჯრები მაცვია, სამკლაურები არის ბიზანტიური გავლენით, ქართულ ფრესკებზე წმინდა გიორგის მიხედვით გავაკეთე. ტანზე მაცვია ბექთარის სტილის აბჯარი, ეს იყო შუა საუკუნეების ქართველი რაინდის აბჯარი. შიგნიდან მაცვია გამბეზონი, რომელიც დაახლოებით სკვითებიდან შემოვიდა, ჩოხამდე იყო ეს აბჯრისშიდა დარბილება და თავზე მახურავს ხევსურული სტილის ჩაჩქანი.
მე მიტინგებზე სულ ჩაჩქანით დავდივარ და ახლა ისტორიკოსებთან ერთად სრულიად აღვიკაზმე, რათა ვაჩვენო, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ისტორიული წინაპრების საქმეს. ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ თავისუფლებისთვის და ევროპასთან ერთად ევროპას იცავდნენ. ერთ-ერთი უძველესი კავშირი იყო კოლხეთსა და მინოსურ ცივილიზაციას შორის. მინოსელებიდან და კოლხებიდან მოყოლებული ერთად ვართ, მაგრამ ჩაგვჭრეს. სამწუხაროდ, ბიზანტიის დაკარგვით მოვიწყვიტეთ, მერე რუსეთი გვეგონა, რომ ევროპული ქვეყანა იქნებოდა და იმანაც გვიღალატა, „მონღოლეთი ორი“ აღმოჩნდა. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ისტორიულ ძმებს, ევროპას. რუსეთის გავლენის წინააღმდეგ რომ ვიბრძვით, ჩვენ ვიბრძვით ისტორიულ ბრძოლას, ვიცავთ ევროპას. ყველა ქართველი აქ გამოდის, არა რომელიმე პოლიტიკოსის მოწოდებით, არამედ გრძნობს, რომ ქვეყანა მიდის არასწორ გზაზე, არასწორი პოლიტიკოსები ჰყავს. ჩვენ, ყველანი გამოვდივართ ამ მუხტით. ჩემი იმედია, რომ არალეგიტიმური ძალაუფლება მოეგება გონს, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ მიდის და თვითნებურად დაეთანხმება მოთხოვნებს, გადადგამს უკან ნაბიჯებს, რომ დაუბრუნდეს ხალხის გზას. მე, როგორც ხელოვანი და არა პოლიტიკოსი, ჩემს საქმეს ვაკეთებ ამ ბრძოლით“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.
0
0