09/04/2022
10:12
პოლიტიკა
9 აპრილიდან 9 აპრილამდე საქართველომ უდიდესი ნაბიჯი გადადგა თავისუფლებისკენ. ეს იყო მსხვერპლითა და სისხლით სავსე გზა, თუმცა, უმაღლესი მიზნის - თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მომპოვებელი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ისტორიაში არის თარიღები, რომელიც ერთი მხრივ, გვახსენებს უდიდეს ტრაგედიას, მეორე მხრივ კი, ეროვნული სიამაყის საფუძველია. ასეთი თარიღია 9 აპრილი - ტკივილიანი და მაინც მომავლის იმედით სავსე. 9 აპრილიდან 9 აპრილამდე საქართველომ უდიდესი ნაბიჯი გადადგა თავისუფლებისკენ. ეს იყო მსხვერპლითა და სისხლით სავსე გზა, თუმცა, უმაღლესი მიზნის - თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მომპოვებელი.
1989 წლის 9 აპრილს თავისუფლებისთვის დაწყებული ბრძოლა 1991 წლის 9 აპრილს ისტორიული აქტის მიღებით დაგვირგვინდა“, - აღნიშნულია დედაქალაქის მერის განცხადებაში.
9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
0
0