25/07/2023
13:36
მსოფლიო
ისრაელის პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ „სადავო“ კანონი მიიღო. კანონპროექტის მიხედვით, რომელიც მასშტაბური რეფორმის პაკეტის ნაწილია, ისრაელის უზენაეს სასამართლოს მთავრობის [არაგონივრული] გადაწყვეტილებების გაუქმების უფლება აღარ ექნება.
იერუსალიმსა და თელ-ავივში პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. კრიტიკოსების თქმით, მემარჯვენე ხელისუფლების რეფორმები საფრთხეს უქმნის ისრაელის დემოკრატიას. როგორც BBC-ი წერს, სასამართლო რეფორმის გამო მასობრივი ქუჩის პროტესტის შემდეგ ქნესეთში (პარლამენტში) ჩატარებულ კენჭისყრაზე პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. თუმცა ბრძოლა არ დასრულებულა და ის შეიძლება თვეობით გაგრძელდეს.
პოლიტიკური დამკვირვებელი ჯგუფი და ცენტრისტული ოპოზიციის ლიდერი იაირ ლაპიდი გეგმავენ, რომ უზენაეს სასამართლოს ახალი კანონპროექტის გასაუქმებლად შუამდგომლობით მიმართონ. ნეთანიაჰუს მტკიცებით, აღნიშნული კანონი აუცილებელია იმისათვის, რომ მთავრობამ „განახორციელოს პოლიტიკა ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობის გადაწყვეტილების შესაბამისად“. მისივე განცხადებით, ის მზად არის განაახლოს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან, თუნდაც ნოემბრამდე, რათა შესაძლებელი გახდეს ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევა.
დაგეგმილმა რეფორმებმა ისრაელის ისტორიაში ყველაზე დიდი პროტესტი გამოიწვია. პოლიციამ განაცხადა, რომ 24 ივლისს, სულ მცირე, 22 ადამიანი დააკავეს. ოპონენტები შიშობენ, რომ ცვლილებებმა შეიძლება ძირი გამოუთხაროს ქვეყნის დემოკრატიულ სისტემას, ხოლო ნეთანიაჰუს მოკავშირე ნაციონალისტური და ულტრა-მართლმადიდებლური რელიგიური პარტიები პოლიტიკის ჩამოყალიბებას შეუზღუდავი ძალაუფლებით შეძლებენ.
ისრაელის ქნესეთმა ე.წ. „გონივრული“ კანონპროექტი 64 ხმით 0-ის წინააღმდეგ მას შემდეგ დაამტკიცა, რაც ოპოზიციამ საბოლოო კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა.
0
0