ირანის ახალი პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანი, იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრ აიმან საფადისთან თეირანში გამართული შეხვედრის შემდეგ, ისრაელს კიდევ ერთხელ დაემუქრა.
ფეზეშქიანის თქმით, ირანის ტერიტორიაზე ჰამასის პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიას მკვლელობით ისრაელმა დიდი შეცდომა დაუშვა. მისი თქმით, "სიონისტური ამპარტავნება უპასუხოდ არ დარჩება".
პარალელურად, ვრცელდება ცნობები, რომელთა მიხედვითაც ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა უფრო და უფრო მატულობს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ირანმა დეესკალაციაზე უარი თქვა. როგორც The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, 4 აგვისტოს ირანმა არაბ დიპლომატებს შეატყობინა, რომ არ აღელვებთ, თუ ისრაელისადმი გაცემული პასუხი ომს გამოიწვევს.
ისრაელზე თავდასხმა მოსალოდნელია როგორც ირანის, ისე რეგიონში არსებული მისი მარიონეტული ძალების მხრიდან. საფრთხეს წარმოადგენს შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლა, რომელიც ისრაელის მეზობელი ლიბანის სამხრეთს, ფაქტობრივად, აკონტროლებს. გასულ დღეებში ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ესკალაცია მძაფრად მზარდი იყო. ამას გარდა, თეირანის მოკავშირეები არიან ერაყში მოქმედი შიიტური დაჯგუფებები და იემენელი ჰუსიტები. ირანის მოკავშირეა თავად ჰამასიც, რომელიც სხვა ჯგუფებისგან განსხვავებით სუნიტურია.
31 ივლისის გამთენიისას ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანია თეირანში აფეთქებას ემსხვერპლა. ერთი დღით ადრე ჰანია, რომელიც წლების განმავლობაში კატარში ცხოვრობდა, ირანში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ჩავიდა. თავდაპირველად გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ ჰამასის ლიდერი რაკეტამ იმსხვერპლა, შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ სიკვდილი დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას მოჰყვა.
ირანი და ჰამასი ჰანიას მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ. იერუსალიმი ბრალდებას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
ირანის ლიდერები ისრაელს სერიოზული და მკაცრი პასუხის გაცემით ემუქრებიან.
2024 წლის აპრილში ირანმა ისრაელზე მასშტაბური იერიში მიიტანა ასობით რაკეტისა და დრონის გამოყენებით. ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ სირიაში, დამასკოში ირანის საელჩოზე მიტანილ იერიშზე. მაშინ ისრაელმა თითქმის ყველა შემომავალი ობიექტი მოიგერია და ფაქტობრივად არ დაზიანებულან. იერუსალიმს სამიზნეების მოგერიებაში, აშშ-ს მეთაურობით, მეზობელი ქვეყნებიც დაეხმარნენ.
0
0