18/01/2025
11:42
მსოფლიო
ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება. „ბიბისის“ ცნობით, გადაწყვეტილება რამდენიმესაათიანი განხილვის შემდეგ მიიღეს, რომელიც გვიან ღამემდე გაგრძელდა. ორმა ულტრამემარჯვენე მინისტრმა შეთანხმებას წინააღმდეგობა გაუწია.
შეთანხმება ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კატარის, აშშ-ისა და ეგვიპტის შუამავლობით შედგა.
შეთანხმების თანახმად, პირველ ეტაპზე „ჰამასის“ მიერ ღაზაში დაკავებულ 33 ისრაელელ მძევალს გაცვლიან ასობით პალესტინელ პატიმარზე. ეს ფაზა ექვს კვირას გაგრძელდება. ისრაელის ძალები ასევე დატოვებენ ღაზის მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიებს, იძულებით გადაადგილებულ პალესტინელებს მიეცემათ საშუალება, დაიწყონ სახლებში დაბრუნება და ყოველდღიურად ღაზაში ასობით სატვირთო მანქანა შევა ჰუმანიტარული ტვირთის ჩასატანად;
მეორე ფაზის ფარგლებში გაიმართება მოლაპარაკებები, რაც უნდა მოიცავდეს დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას, ისრაელის ჯარების ღაზიდან სრულ გაყვანას და „მდგრადი მშვიდობის აღდგენას“. ეს ფაზა დაიწყება მე-16 დღეს;
მესამე და საბოლოო ეტაპი მოიცავს ღაზას რეკონსტრუქციას, რაც შეიძლება, წლები გაგრძელდეს და დარჩენილი მძევლების ცხედრების დაბრუნებას. ისრაელი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირველ დღეს სამი მძევალი გათავისუფლდება, შემდეგი ექვსი კვირის განმავლობაში კი რეგულარული ინტერვალებით გათავისუფლდება მძევლების მცირე ჯგუფები.
„ბიბისის“ ცნობით, ისრაელის სამხედროებმა ღაზაში სამხედრო კამპანია „ჰამასის“ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბრის ისრაელზე განხორციელებული უპრეცედენტო თავდასხმის საპასუხოდ დაიწყეს. 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს 1 200 ადამიანი დაიღუპა და 251 მძევლად აიყვანეს.
„ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომის დროს ღაზაში 46 870-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ანკლავის 2.3-მილიონიანი მოსახლეობის უმეტესობა იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. ისრაელი აცხადებს, რომ „ჰამასს“ კვლავ ჰყავს 94 მძევალი, რომელთაგან 34, სავარაუდოდ, გარდაცვლილია.
0
0