31/07/2023
13:33
მსოფლიო
ისრაელის სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს თავად მივიღებთ, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა უარყო საერთაშორისო კრიტიკა იმის შესახებ, რომ მისი სასამართლო რეფორმა ძირს უთხრის დემოკრატიას.
მისი თქმით, სხვა ქვეყნები არ უნდა ჩაერიონ ისრაელის შიდა საკითხებში.
„არასდროს გამიკეთებია კომენტარი სხვა ქვეყნების შიდა საკითხებზე. ყველას აქვს საკუთარი აზრი ისრაელზე, თუმცა მათ არ აქვთ მოსაზრება საფრანგეთში მომხდარ არეულობებზე, საპროტესტო აქციებზე ან სხვა ქვეყნებში მიმდინარე პროცესებზე“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ საერთაშორისო ზეწოლა მასზე გავლენას არ მოახდენს.
„ჩვენ თავად მივიღებთ გადაწყვეტილებებს. დემოკრატიულ ქვეყნებში, სუვერენულ სახელმწიფოებში, ხალხის არჩეული წარმომადგენლები იღებენ გადაწყვეტილებებს და ასე იქნება ისრაელშიც“, - დასძინა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ცდილობს, მიაღწიოს კონსენსუსს, რადგან დემოკრატიისთვის უკეთესია, რომ სასამართლო ცვლილებები რაც შეიძლება ფართო კონსენსუსით განხორციელდეს.
„სასამართლო რეფორმა რეალურად გააძლიერებს ისრაელის დემოკრატიას“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
0
0