
ისრაელის მტკიცებით, ღაზას სექტორში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთავარი სააგენტოს თანამშრომლების ნაწილი „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს მოწყობილ სისხლიან თავდასხმაში მონაწილეობდნენ. როგორც CNN წერს, გაეროს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტომ (UNRWA) ამ ბრალდების ფონზე რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა.
„UNRWA-ს მთავარი დონორი აშშ რამდენიმე ქვეყანას შორის არის, რომლებმაც ბრალდებების გამო შეაჩერეს ამ ორგანიზაციის დაფინანსება, რომელსაც ღაზაში დაახლოებით 1 3000 ჰყავს დასაქმებული“, - წერს გამოცემა.
არც ისრაელს და არც ორგანიზაციას არ გაუსაჯაროებია დეტალები, თუ UNRWA-ის თანამშრომლების რა სახის შესაძლო მონაწილეობაზეა საუბარი 7 ოქტომბრის თავდასხმაში, რომლის შედეგადაც, „ჰამასმა“ ისრაელის ტერიტორიაზე 1200 ადამიანი მოკლა, 253 მშვიდობიანი მოქალაქე კი მძევლად აიყვანა.
როგორც CNN-ს ისრაელის ოფიციალურმა პირმა განუცხადა, მისმა ქვეყანამ UNRWA-ს და აშშ-ს ინფორმაცია გაუზიარა 12 თანამშრომლის შესახებ, რომლებიც სავარაუდოდ მონაწილეობდნენ 7 ოქტომბრის თავდასხმებში.
UNRWA-ს გენერალური კომისრის ფილიპ ლაზარინის თქმით, მან მიიღო „ინფორმაცია რამდენიმე თანამშრომლის სავარაუდო ჩართულობის შესახებ“. მისივე თქმით, იმისთვის, რომ ორგანიზაციას შენარჩუნებოდა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის შესაძლებლობა, მან გადაწყვიტა, „დაუყოვნებლივ გაეწყვიტა ამ თანამშრომლებთან კონტრაქტები და სიმართლის დასადგენად, დაეწყო შიდა გამოძიება“.
ცნობისთვის, UNRWA გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1948 წლის არაბეთ-ისრაელის ომის შემდეგ დააარსა იძულებით გადაადგილებული პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად.
0
0