25/12/2024
23:11
მსოფლიო
ისრაელი და „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გადადებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
„ჰამასი“ ამბობს, რომ ისრაელმა დამატებითი პირობები წამოაყენა, ხოლო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ჰამასს“ უკვე მიღწეული შეთანხმებების დარღვევაში დასდო ბრალი.
„ოკუპანტმა დააწესა ახალი პირობები, რომლებიც უკავშირდება ჯარების გაყვანას, ცეცხლის შეწყვეტას, პატიმრებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებას, რამაც შეაფერხა უკვე მიღწეული შეთანხმების დადება“, – განაცხადა „ჰამასმა“.
ისრაელის პრემიერის თქმით კი, „ჰამასი“ აგრძელებს ტყუილების თქმას, არღვევს უკვე მიღწეულ შეთანხმებებს და აგრძელებს მოლაპარაკებების გართულებას, თუმცა ისრაელი გააგრძელებს დაუღალავ ძალისხმევას მძევლების დასაბრუნებლად.
აშშ-მა და კატარმა და ეგვიპტემ ბოლო ორი კვირის განმავლობაში გააძლიერეს ძალისხმევა ეტაპობრივი შეთანხმების მისაღწევად. შეთანხმების მიღწევაში კი, გამოწვევად რჩება ისრაელელი სამხედროების განლაგებაზე შეთანხმება.
როგორც „როიტერი“ წერს, „ჰამასი“ ომის დასრულებას ითხოვს, ხოლო ისრაელი აცხადებს, რომ პირველ რიგში, ანკლავში „ჰამასის“ მმართველობის დასრულება სურს, რათა უზრუნველყოს, რომ ის აღარ შეუქმნის საფრთხეს ისრაელელებს.
0
0