
როგორც ცნობილია, ისრაელის მიერ ოკუპირებულ გოლანის მაღლობზე, ფეხბურთის მოედანზე რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც 12 ბავშვი დაიღუპა. ჰაიფას უნივერსიტეტის [რომელიც ლიბან-ისრაელის საზღვრიდან 50 კმ-ში მდებარეობს] ხელმძღვანელობის განცხადებით, 30-სართულიანი კორპუსის მე-5 სართულის ზემოთ მყოფი პერსონალი სახლიდან იმუშავებს. იზრდება შიში, რომ მათ ლიბანის სამხედრო დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“ დაპირისპირება მოუწევთ.
„“ჰეზბოლასთან“ უკანასკნელი ბრძოლა 2006 წელს მოხდა, როდესაც მათ ჰაიფამდეც მიაღწიეს. ახლაც სახიფათო მომენტია. მშობლები პოლიციელებს და უსაფრთხოების სამსახურს საბავშვო ბაღების პატრულირებაში ეხმარებიან. ხალხმრავალ ადგილებს თავს ვარიდებთ. ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ „ჰეზბოლას“ ისრაელისა და ებრაელი ხალხის განადგურება სურს. მივცეთ მათ ამის უფლება და საკუთარი თავები არ დავიცვათ?“ - განუცხადა BBC-ის ჰაიფას უნივერსიტეტის თანამშრომელმა ესთერ პარპარამ.
როგორც ცნობილია, ისრაელსა და ლიბანს შორის საზღვრისპირა კონფლიქტი 8 ოქტომბრის შემდეგ გამწვავდა, როდესაც, ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის სოლიდარობის ნიშნად, „ჰეზბოლამ“ ისრაელის ობიექტებს რაკეტები და ჭურვები ესროლა. ორივე დაჯგუფების მიზანი ისრაელის სახელმწიფოს განადგურებაა.
რამდენად შორს წავა ისრაელი გოლანის მაღლობზე მომხდარი ტრაგედიის საპასუხოდ, რომელსაც ოქტომბრის თავდასხმების შემდეგ ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა? როგორც BBC-ი წერს, ისრაელმა იცის, რომ ლიბანურ სამხედრო დაჯგუფების წინააღმდეგ მორიგი ომის წარმოების შედეგები შეიძლება ორივე მხარისთვის სავალალო იყოს. „ჰეზბოლა“ რეგიონში ყველაზე ძლიერი არასახელმწიფო აქტორია, რომლის არსენალში დაახლოებით 150 000 რაკეტა და ჭურვია. ის ირანის ყველაზე მნიშვნელოვანი მარიონეტული წარმომადგენელია ახლო აღმოსავლეთში, ხოლო ისრაელის თავდასხმა თეირანის გაღიზიანებას გამოიწვევს, რომელმაც გააფრთხილა ისრაელი, რომ ლიბანში ნებისმიერ "ახალ თავგადასავალს" "გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვება". ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ „ჰეზბოლას“ "მოუწევს მძიმე ფასის გადახდა, რომელიც მას ისრაელისთვის დღემდე მართებს". არსებობს მზარდი შიში, რომ ულტრამემარჯვენე მებრძოლი მინისტრების ზეწოლის ქვეშ მოქცეულმა დასუსტებულმა ნეთანიაჰუმ შესაძლოა ცდუნებას ვერ გაუძლოს და, ნაწილობრივ შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის, ლიბანში ბრძოლა გააქტიუროს.
0
0