25/07/2024
15:50
პოლიტიკა
ისინი პირველ დღეებში მალავდნენ ტერორიზმის მუხლს. შემდეგ საგულდაგულოდ მალავდნენ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი ფიგურირებდა, რატომ უნდა დამალო ეს ყველაფერი თუ რაღაცაში არ არის საქმე?, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, ოპოზიცია და მისი ტელევიზიები საგულდაგულოდ მალავდნენ ტერორიზმის მუხლს და მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე საუბრობდნენ, რაც საეჭვოა.
„პირველ დღეებში, როდესაც გახმიანდა ეს ამბავი, ისინი საერთოდ მალავდნენ ტერორიზმის მუხლს. ერთი წამით დაუშვით, რომ არავინ არაფერი იცოდა მათი მხრიდან, რატომ უნდა მოგაფიქრდეს ამ შემთხვევაში, რომ ორი მუხლია შენთვის ცნობილი, მოწმე ხარ, მისი ადვოკატი ხარ, „ნაცი“ ხარ თუ მისი ტელევიზია ხარ, რატომ უნდა მოგაფიქრდეს, რომ შეთქმულების მუხლი გაამხილო და ტერორიზმის მუხლი დამალო?! შემდეგ, როდესაც თავისით ინფორმაცია გახმოვანდება და სამი დღის თავზე ყველა გაიგებს, რომ ტერორიზმის მუხლიც არის, შემდეგ საგულდაგულოდ მალავდნენ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი ფიგურირებდა, როგორც სავარაუდო მსხვერპლი ამ სავარაუდო დანაშაულისა. რატომ უნდა დამალო ეს ყველაფერი თუ რაღაცაში არ არის საქმე?!
თუ ისინი უბრალოდ ახლა ღლიცინებენ იმაზე, რომ ვიღაც ადამიანის მოკვლას აპირებდა, ეს საღლიცინო არ არის. ეს ერთი და მეორე, იმ ფონზე როდესაც მსოფლიოში „ემთხვევა“ ბევრი მოვლენა ერთმანეთს, განსაკუთრებული ყურადღებაა მისაქცევი და ზუსტად ამას აკეთებს, როგორც ხედავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა. საქმე გრიფირებულია, რის გამოც კონკრეტული დეტალები არ საჯაროვდება.
0
0