
საქართველო და არჩევნების გამოძიება - ცნობილი ხდება, რომ ISFED-მა დღეს პროკურატურას მიმართა და 26 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შედეგების გადასაცემად დრო ითხოვა.
ინფორმაციას ადასტურებენ საგამოძიებო უწყებაში.
"სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლებს ამ დრომდე არ მოუწოდებიათ საქართველოს პროკურატურისთვის მასალები. ისინი თავად დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდებათ იმისათვის, რომ ეს მასალები მიაწოდონ საქართველოს პროკურატურას. მიზეზად დასახელდა ის, რომ მასალა საკმაოდ მოცულობითია,"- აცხადებს საქართველოს პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ბაია ცანავა.
ამასთან, თავად არასამთავრობო ორგანიზაციამ გუშინ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც ის ადასტურებს, რომ მზადაა პროკურატურას გადასცეს შესაბამისი დოკუმენტაცია:
"საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გაცნობებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურისგან „სამართლიანმა არჩევნებმა” მიიღო წერილი, რომლითაც უწყება ითხოვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლისა და დათვლის შედეგად მიღებული დასკვნების ამსახველი სრული დოკუმენტაციის გაგზავნას. წერილის თანახმად, პროკურატურა ამ დოკუმენტებს ითხოვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ორგანიზაცია გააგზავნის შესაბამის დოკუმენტაციას." - წერს ISFED-ი.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე "პივიტის" მონაცემები ცესკოს მონაცემებს დაემთხვა, თუმცა "სამართლიანმა არჩევნებმა" ის არ გამოაქვეყნა. ახლა "ისფედს" ოთხთვიანი პაუზის შემდეგ დოკუმენტაციის გადაცემა პროკურატურისთვის მოუწევს. თუმცა როდის, ჯერ ცნობილი არ არის.
0
0