
ISFED ირწმუნება, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგების პროკურატურაში გასაგზავნად დრო საბუთების მოსამზადებლად დასჭირდა. ამასთან, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ადასტურებს, რომ მათი მონაცემები თანხვედრაშია ოფიციალურ შედეგებთან, თუმცა, ამის მიუხედავად ინფორმაცია მაინც არ გამოაქვეყნეს.
„ეს იყო მოცულობითი, 850 შემაჯამებელი ოქმი და სხვა დოკუმენტაცია, რომელიც რეგიონული ოფისებიდან ჩამოვიტანეთ, რადგან სრული დოკუმენტაცია იყო მოთხოვნილი.
ჩვენ ვთქვით, რომ თანხვედრაშია და მეტს არ ვაცხადებთ, ეს ვთქვით, ცხადია.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის ვალიდური. იმდენი დარღვევა იყო წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს, თან ისეთი ხარისხის, რომ ამან მოახდინა გავლენა არჩევნების დღეს ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოვლენაზე და ჩვენ ვთქვით, რომ ეს არ არის ვალიდური რიცხვები და ამიტომ არ ვაქვეყნებთ. შეგვეძლო, ესეც არ გვეთქვა”, - განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ.
საქართველოს პროკურატურამ არჩევნების ე.წ. გაყალბების საქმეზე „სამართლიან არჩევნებს“ საპარლამენტო არჩევნების ხმათა პარალელური დათვლის დოკუმენტაციის მიწოდება მოსთხოვა. ორგანიზაცია დოკუმენტაციის წარსადგენად დროს ითხოვდა.
0
0