
„ისეთი მოთხოვნაა შესვლაზე, მათ შორის ისეთი კატეგორიიდან, ვინც ხმას არ გვაძლევდა ან არასდროს იყო ჩვენი მომხრე. პატარა გაოცებაც დაგვეუფლა, რბილად რომ ვთქვათ და თანაც, ძალიან ძნელი იქნება, უარის თქმა“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
შალვა ნათელაშვილმა გადაცემაში განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლაზე დასტური ჯერ პარტიის შიგნით უნდა მიიღონ. ასევე აცხადებს, რომ პარლამენტში მოკავშირედ აღარავინ ეგულება, რადგან ოპოზიციურ კოალიციაში მყოფმა პარტიებმა პარლამენტში გადაინაცვლეს.
„ტკივილი და იმედგაცრუება ძალიან დიდი იყო. ამდენად, რომ გითხრათ ახლა ვინმე პარლამენტში მოკავშირე გვყავს, ამას ვეღარ ვიტყვი.
ჩემი და სააკაშვილის ურთიერთობა ყოველთვის იყო დაძაბული და შეურიგებელი 1994 წლიდან, როდესაც მე გავიგე, რომ ედუარდ შევარდნაძეს იგი ჩამოჰყავდა ამერიკიდან საარჩევნო სიაში ჩასასმელად. ამის თაობაზე მე მქონდა საუბარი მაშინდელ პრეზიდენტთან და ვუთხარი, რომ მას გაზრდა სჭირდებოდა. ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს იღებს და იქნებ, თავი შეიკავოთ. მისი პასუხი იყო, რომ დაღვინდება. ჩემი პასუხი გახლდათ, რომ შეიძლება დაძმარდეს და ინანოთ. ეს იყო 1994 წელს. ახლა მეცინება, მე და სააკაშვილს ალიანსს რომ გვაბრალებენ“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
ცნობისთვის, ხვალ, საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე, პარლამენტი სამი ოპოზიციონერი დეპუტატის: შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს და კენჭს უყრის. ელენე ხოშტარია და შალვა ნათელაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის არცერთ პლენარულ სხდომას არ დასწრებიან, ბადრი ჯაფარიძე კი დამნაშავედ სასამართლომ ცნო.
ოპოზიციონერი დეპუტატების გარდა, პარლამენტი ასევე იმსჯელებს ყოფილი სპიკერის, კახა კუჭავას მანდატზეც, რომელმაც პარლამენტი დატოვა და მანდატზე უარი განაცხადა
0
0