
ასეთი მკაცრი რეზოლუცია ევროპარლამენტის ისტორიას არ ახსოვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანი წითლიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ამ რეზოლუციამ კიდევ ერთხელ ანახა, რომ ქვეყანას არანაირი ლეგიტიმური ხელისუფლება არ ჰყავს, არამედ მართავს რეჟიმი, რომელმაც არჩევნები მიიტაცა, რომელმაც საქართველოს დააკარგინა ევროპული განვითარების პერსპექტივა და რომელიც არის მოკავშირე რუსეთის, ირანისა და ჩინეთის“, – განაცხადა წითლიძემ.
მისი თქმით, რეზოლუციაში ნახსენებია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წვლილი ევროპული ინტეგრაციის ნაწილში და პირდაპირ არის მითითებული, რომ მიხეილ სააკაშვილის და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ძალისხმევა ევროპული ინტეგრაციის განმტკიცების საკითხში „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად, ქარს გაატანა.
როგორც წითლიძემ აღნიშნა, ამავე რეზოლუციაში არის ჩანაწერი, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა, რადგან, როგორც წესი, „საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს არ სჩვევიათ ხოლმე ასე ღიად საუბარი კონკრეტულად მონაწილეობა-არმონაწილეობაზე ამა თუ იმ არჩევნებში, თუმცა ამ ჩანაწერმა კიდევ ერთხელ ანახა, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს არჩევნები, არსებობს რუსული სპეცოპერაცია და სწორედ ასე აღიქვამენ ამას საერთაშორისო პარტნიორები, იმ ინტერპრეტაციისგან განსხვავებით, რასაც წინა რეზოლუციის მიხედვით აკეთებდა „ლელო“, თურმე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ემხრობოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლას“.
გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, რომ იგულისხმება ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებული ანგარიშის ის ჩანაწერი, სადაც ოპოზიციას მიმართავდნენ, გამოეყენებინათ ეს შესაძლებლობა და თვითმმართველობის არჩევნებს მედეგობის ტესტად განიხილავდნენ, რაზეც ანა წითლიძემ განაცხადა, რომ კი, თუმცა არა მონაწილეობის საკითხში.
„მანდაც არ ყოფილა მონაწილეობის საკითხი. იქ თვითმმართველობის არჩევნებში ბოიკოტი იქნებოდა ეს თუ მონაწილეობა, ოპოზიციის ერთიანობას განიხილავდნენ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად. ანუ, იქ ეწერა, რომ მნიშვნელოვანი იყო, გადაწყვეტილებაში ყოფილიყო ოპოზიცია ერთიანი და არა არჩეულ გზაში, მაგრამ ამ რეზოლუციაში ახლა პირდაპირ და მკაფიოდ წერია, რომ ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს არანაირი აზრი რეჟიმის პირობებში არ აქვს“, – განაცხადა წითლიძემ.
წითლიძემ ასევე განაცხადა, რომ ამ რეზოლუციის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ მაქსიმალურად ცდილობს, „ლელოსთან“ ეს მოლაპარაკებები იყოს, „ლელოს“ მხრიდან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება დანაშაულია, თუ გარიგება, ნამდვილად არ იცის. „ქართული ოცნების“ პირობებში ამ არჩევნებში მონაწილეობას თუ მიიღებ, ორი ვარიანტია, ან გარიგებული უნდა იყო, ან უნდა იყო სასარგებლო იდიოტი და რომელი არიან მათ შორის, არ ვიცი ნამდვილად“, – განაცხადა წითლიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა გავიგოთ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება, სადაც მან ოპოზიციას მოუწოდა, გაძლიერდეს წინააღმდეგობის პლატფორმა, გაცოცხლდეს და ნიშნავს თუ არა ეს, რომ დღეს ის არ არის ისეთი აქტიური, როგორც მანამდე, ანა წითლიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება მისთვის საინტერესოა იმ კონტექსტში, რამდენადაც, მან როგორც იქნა, თქვა, რომ არ შეიძლება ამ არჩევნებში მონაწილეობა.
„მისი ბოლო განცხადება იყო ძალიან დამაბნეველი ამ მიმართულებით და ამან პოლიტიკურ კულუარებში რაღაც კითხვები გააჩინა, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის პოზიციასთან დაკავშირებით, საერთოდ როგორ უყურებდა ამ ადგილობრივი თვითმმართველობის სპეცოპერაციაში მონაწილეობას. ამიტომ, ამ კონტექსტში ეს არის კარგი“, – განაცხადა წითლიძემ.
შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს სალომე ზურაბიშვილის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ის არჩევნების ბოიკოტს არ ეთანხმება, რადგან ამას შედეგი არ ექნება, ანა წითლიძემ განაცხადა, რომ ეს მეორე ნაწილი მისთვის ნაკლებად საინტერესოა.
„ამიტომ ვთქვი, რომ ეს ერთი ნაწილი არის საინტერესო. იმიტომ, რომ 13 წლის განმავლობაში, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ რომ წარმოადგენდა, ირაკლი კობახიძესთან ერთად იყო გამოჭიმული ბანერებზე და ღირსეული არჩევანი არისო, გვეუბნებოდნენ. ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ მაშინ ვიძახდით, რომ ესენი იყვნენ რუსები, „ქოცები“ და რუსების პირობებში გამორიცხული იყო, ამ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარებულიყო“, – განაცხადა წითლიძემ.
ევროპარლამენტმა შესწორებებით დაამტკიცა საქართველოს შესახებ რეზოლუცია, რომელიც 2023 და 2024 წლებში ევროკომისიის ანგარიშებს ეხება. დოკუმენტს 490-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 147 წინააღმდეგი იყო, 49 ევროპარლამენტარმა თავი შეიკავა.
0
0