
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ მსახიობ გია ბურჯანაძეს მოუსმინეს.
გია ბურჯანაძემ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ, მისი დიღმის სამმართველოში, ხოლო შემდეგ ციხეში გადაყვანის ეპიზოდი გაიხსენა.
„დიღმის სამმართველოში რომ შეგვიყვანეს, დიდი ფოიეა და დერეფანში ხუთ-ხუთად, ექვს-ექვსად ჰყავდათ დაყენებული დაპატიმრებული ხალხი და დაიწყეს გაყვანა სართულების მიხედვით. მეც ამიყვანეს და რომ გამომიყვანეს ლიფტიდან, კედლები, დერეფნები სულ სისხლით იყო შეღებილი და ადგილები იყო, სადაც რაღაც გროვები იყო. რომ გამატარეს ამ გროვასთან, ვხედავ, რომ სისხლიანი ტანსაცმელი, სისხლიანი ბინტები, პირსახოცები გორა გორად იყო. კედლები იყო რატომღაც სულ სისხლით. ოთახებში გამოდიოდა საშინელი ხმები, რას უშვებოდნენ იქ ხალხს, არ ვიცი. რამდენიმე ვინც გამოიყვანეს, გაუბედურებული, კი არ გამოდიოდა ეს ხალხი, იღლიებში ეკავათ და ასე მოჰყავდათ გათიშული ხალხი, სულ სისხლებში.
უკვე კამერაში ვარ და მარტო ვიყავი. მოვიდნენ, თქვენიანები არიანო, ვითომ სხვა ჯიშის ხალხი ვართ, ისე მითხრეს, თქვენიანები გვყავსო, ოთხი კაცი, მარტო ხარ და შენთან შემოვიყვანთო. ოთხი ახალგაზრდა ბიჭი არ შემოიყვანეს, შემოიტანეს და დადეს. სისხლში მოსვრილი, შემოხეული ყველაფერი. მეც ახლა ამათ ყველას ვუწმენდ სისხლს, ერთს ვუყურებ, მეცნობი, ვინ ხარ-მეთქი, ნიკო ვარ, გია ბიძიაო, ჩემი მეზობელი. ვერ ვიცანი, ისეთი ნაცემი იყო. შემდეგ გაიყვანეს ეს ბიჭები სადღაც, იქაც სულ ისმოდა წივილი, კივილი, რაღაც. ამ სტრესებმა გამოიწვიეს ალბათ ჩემი ნერვიული დაავადებები“, – განაცხადა გია ბურჯანაძემ.
გია ბურჯანაძის თქმით, სულიკო ასათიანის და ნიკუშა კვინტრაძის გარდა, 26 მაისის აქციას სხვა მსხვერპლიც ჰყავს, ის ადამიანები, რომლებიც 26 მაისის მოვლენებიდან მალევე, ცემისგან მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალნენ.
„რაც მინდოდა მსხვერპლთან დაკავშირებით მეთქვა, რატომღაც ისე დამკვიდრდა, რომ მარტო ნიკუშა კვინტრაძე და სულიკო ასათიანი დაიღუპნენ იმ ღამეს. მინდა, გითხრათ, რომ 26 მაისის დარბევას უფრო მეტი ადამიანი შეეწირა. ჩემი ახლობლები, რამდენიმე ადამიანი ცოტა ხანში გარდაიცვალა, ისე სცემდნენ. ლექსო ფორჩხიძე იყო ერთ-ერთი, უთხრა, მუცელში არ დამარტყათ, ბიჭებო, ღვიძლი მაქვს დაზიანებულიო. იმდენი ურტყეს მუცელში, რომ რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. ასევე, ავთო მეტრეველი. იმდენი ურტყეს, რომ თვე-ნახევარში გარდაიცვალა. მსხვერპლი იყვნენ ესენი. ერთი კაცის სახელს და გვარს არ ვიტყვი, რადგან ოჯახს არ სიამოვნებს ეს, იმან თავი ჩამოიხრჩო ერთ კვირაში. ესენი მსხვერპლი არიან. ეს რაც მე ვიცი, რადგან ჩემი ნაცნობები იყვნენ და კიდევ რამდენი იყო ასეთი შემთხვევა. აღლუმი რომ ჩაატარეს, სულიკო და ნიკუშა იქ ჰყავდათ ჯიხურის თავზე. გათენდა უკვე და ეტყობა, ვეღარ მოასწრეს გატანა, დაიწყეს თვითონ პროსპექტის რეცხვა, რადგან სულ სისხლიანი იყო. ეტყობა, რომ გათენდა, ვეღარ მოასწრეს და იფიქრეს, დამთავრდება აღლუმი და მერე გავიტანთო, მე ასე მგონია, თორემ დაავიწყდათ, ცხედრები იყვნენ, როგორ დაავიწყდათ“, – განაცხადა გია ბურჯანაძემ.
0
0