
ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ბალიმენაში გამართული აქცია არეულობაში გადაიზარდა.
პოლიციის ცნობით, აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს სხვადასხვა ნივთი ესროლეს. არეულობისას დაშავდა პოლიციის 15 ოფიცერი. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დაკავებულია 29 წლის მამაკაცი.
საპროტესტო აქცია ბელფასტის მახლობლად მდებარე ქალაქში მას შემდე დაიწყო, რაც არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით სასამართლოს წინაშე ორი მოზარდი ბიჭი წარდგა. ისინი რუმინულად თარჯიმნის დახმარებით საუბრობდნენ და ბრალდებას უარყოფდნენ.
მოგვიანებით, მშვიდობიანი აქცია ძალადობაში გადაიზარდა, როდესაც დემონსტრანტთა ჯგუფმა ბარიკადების აგება დაიწყო და პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილები“, ქვები, პიროტექნიკა ესროლა. დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და საპატრულო პოლიციის ორი მანქანა.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ოფისმა ბალიმენაში განვითარებულ მოვლენებს შემაშფოთებელი უწოდა.
„ცხადია, ცნობები სექსუალური ძალადობის შესახებ რაიონში უკიდურესად შემაშფოთებელია, თუმცა არანაირი გამართლება არ აქვს პოლიციის ოფიცრებზე თავდასხმას, როდესაც ისინი ადგილობრივ დასახლებებს იცავენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ადგილობრივ პოლიციაში არეულობას „რასისტული ბანდიტიზმი“ უწოდეს. პოლიციაში აცხადებენ, რომ იქნება მორიგი დაკავებები, ვინაიდან სამართალდამცველები მუშაობენ პასუხისმგებელთა გამოსავლენად და სწავლობენ ფოტო, ვიდეომასალას.
ქალაქში უახლოეს დღეებში უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას აპირებენ.
„დაჟინებით მოვუწოდებ ყველას, ვინც ჩართული იყო არეულობებში ძალადობით, სერიოზულად დაფიქრდეს თავის ქმედებებზე, ამას მოჰყვება შედეგები. ასევე მათ სიმშვიდისკენ მოვუწოდებ“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე პოლიციის უფროსის თანაშემწემ, რაიან ჰენდერსონმა.
იუსტისიიც მინისტრის, ნაომი ლონგის განცხადებით კი, შემაშფოთებელი სცენებით შეძწუნებულია.
„ჩვენს საზოგადოებაში ასეთი არეულობის ადგილი არ არის და ეს არ შეიძლება, გამართლებული იყოს“, – განაცხადა ნაომი ლონგიმ.
0
0