19/06/2023
15:44
მსოფლიო
ქალაქ უოტერფორდში დღეს ოფიციალურად გაიხსნა ირლანდიაში ყველაზე ახალი მუზეუმი, რომელიც, მართალია, მთლიანად გარდაცვალების თემას ეძღვნება, თუმცა მისი დევიზი ასევე იქნება „დაკავდი ცხოვრებით!“.
გარდაცვლილთა ხსოვნის უოტერფორდის მუზეუმი რიგით მეშვიდე მუზეუმია, რომელიც ირლანდიის ამ უძველეს ქალაქში ბოლო წლებში გაიხსნა. ამ მუზეუმების უმეტესობა მდებარეობს ე. წ „ვიკინგების სამკუთხედში“, როგორც უოტერფორდის განახლებულ ნაწილს უწოდებენ.
სიკვდილი და მასთან დაკავშირებული ტრადიციები ყოველთვის იყო ირლანდელთა ცხოვრების ნაწილი და ამდენად, ახალი მუზეუმი წარმოაჩენს მის მნიშვნელობას, უკვდავყოფს ამ გარდაუვალობის თანმდევ ზოგიერთ ძველ და თანამედროვე რიტუალს.
მუზეუმი განთავსებულია ყოფილ სამოწყალეო სახლში, რომელიც მე-15 საუკუნეში ქალაქის უხუცესებმა დააარსეს და 12 მამაკაცსა და ქალს იფარებდა. ისინი სიცოცხლის ბოლო დღეებს ითვლიდნენ, მაგრამ მაინც ღამეში სამჯერ დგებოდნენ, რათა თავიანთი პატრონებისთვის, ასევე გარდაცვლილ უოტერფორდელთა სულებისთვის ელოცათ.
„ჩვენ უოტერფორდის მკვდარ ცენტრში ვიმყოფებით“, - ამბობს უოტერფორდის მუზეუმების ხაზინადართა ჯგუფის ხელმძღვანელი, იმონ მაკინენი.
„უკანასკნელი 1100 წლის განმავლობაში ხალხი იმ სურვილით იბადებოდა, რომ ბოლოს აქ მოხვედრილიყო“, - დასძინა მან და განმარტა, რომ მოედანი, რომლის ირგვლივ ახლა ბევრი მუზეუმია განთავსებული, ოდესღაც სასაფლაო იყო.
სამოწყალეო სახლი 1478 წლის 2 ნოემბერს, გარდაცვლილთა მოხსენიების დღეს გაიხსნა. ის, ქალაქის მერის ხელშეწყობით, ახლომდებარე ტაძრის დეკანოზმა დაარსა.
მისტერ მაკინენი ამბობს: „საქმე იმაშია, რომ სიკეთის კეთებაა საჭირო, რათა, როცა მოკვდები, ადამიანებმა შენი სულისთვის ილოცონ“.
მისი თქმით, გარდაცვლილთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ასეთი დაწესებულება ირლანდიაში სხვაგან არსად არის.
„თუ დააკვირდებით, აქ, უოტერფორდში, არის შენობები, რომლებიც სიკვდილთან ასოცირდება“, - დასძინა მან, სანამ საკათედრო ტაძარზე, ქვრივების აპარტამენტებზე, სასაფლაოსა და ახლომდებარე სხვა ღირსშესანიშნაობებზე გააგრძელებდა ლაპარაკს.
„როდესაც დაკრძალვაზე ვართ, ყველანი ვფიქრობთ: „ოდესმე მეც ვიწვები ასეთ კუბოში“. მაშასადამე, ეს არის შეხსენება იმისა, რომ ყველანი მოკვდავნი ვართ. თუმცა, როდესაც ხალხს მუზეუმში საკუთარი სიკვდილს შევახსენებთ, ასევე ვეუბნებით: მოდით, ცხოვრებით დავკავდეთ“, - ამბობს მისტერ მაკინენი.
მუზეუმის კურატორის მოვალეობის შემსრულებელი და მენეჯერი, როზმარი რაიანი აცხადებს, რომ მუზეუმის გახსნა არის მრავალწლიანი კვლევისა და მუშაობის კულმინაცია იმ კონტექსტში, თუ როგორ აღასრულებენ ირლანდიელები, წინაისტორიული პერიოდიდან მოყოლებული დღემდე, გარდაცვლილისთვის პატივის მიგების რიტუალს. ამიტომ, მუზეუმში მრავლად არის გარდაცვალებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ეპოქის ნივთები.
ქალბატონი რაიანი აღნიშნავს: „ჩვენ გვაქვს ნივთები, რომლებსაც ქვის ხანამდე მივყავართ. მაგალითად, ქვის ხანაში დამზადებული ცულის თავები. ასევე გვაქვს ბრინჯაოს ხანის დასაკრძალი ურნა, რომელშიც კრემირებული ადამიანის ფერფლი იყო მოთავსებული და ბრინჯაოს ხანის ცულის თავები ინახებოდა. შეგვიძლია XIX-XX საუკუნეების ნივთებიც დავათვალიეროთ“.
„აქ ჩვენ გვაქვს ირლანდიაში ალბათ ყველაზე ძველი, მამა ლუკ ვადინგის სიკვდილის ნიღაბი, ასევე გვაქვს სამგლოვიარო სამკაულები და სიკვდილის გამომხატველი სხვადასხვა სუვენირი“.
„დამთვალიერებლებს ელოდებათ მშვენიერი, მაგრამ, ამავე დროს, შემზარავი და ძალიან საპატიო ექსკურსია, რომელსაც გიდობას „მეკუბოვე“ ჯეიმი მერფი გაუწევს“, - გვეუბნება ქალბატონი რაიანი, რომელსაც ექვსი დარბაზის მონახულების შემდეგ, ისტორიიდან დღევანდელ ეპოქაში გადმოვყავართ.
როგორც „დულის ჰოტელისა“ (Dooley's Hotel) და ტურისტული ასოციაცია„უოტერფორდში ვიზიტის“ (Visit Waterford) წარმომადგენელი, თინა დარერი გვიხსნის, ტერიტორია, სადაც გარდაცვლილთა ხსოვნისა და და სხვა მუზეუმები მდებარეობს, „თითქმის 20 წლის წინ საერთოდ მიტოვებული იყო“, მაგრამ ბატონი მაკენენისა და სხვათა ხედვისა და მუშაობის წყალობით, მთლიანად შეიცვალა.
დარერი დარწმუნებულია, რომ ახლადგახსნილი მუზეუმი მყარად დაიკავებს თავის ადგილს უოტერფორდის ისტორიისა და მემკვიდრეობის ეპიცენტრში.
„ირლანდიის გარდაცვლილთა ხსოვნის მუზეუმი არის სიახლე ჩვენი ლანდშაფტისთვის. ვფიქრობ, ეს დაწესებულება უოტერფორდში ჩამოსულ ტურისტებსაც ძალიან დააინტერესებს“.
მშენებლობისა და თვითმმართველობის მინისტრის, დარა ო,ბრაიანის თქმით, რომელმაც გახსნა მუზეუმი, „ირლანდიაში სიკვდილი ყოველთვის საზოგადოებრივ მოვლენას წარმოადგენდა“.
მან მადლობა გადაუხადა მათ, ვინც მხარი დაუჭირა მუზეუმის გახსნას. კერძოდ, - დევიდ ბოულსს, რომელიც არის ახლომდებარე ირლანდიის დროის მუზეუმის თანადამფუძნებელი, ასევე ფონდ „ფილანტროპული ტრესტის“ წარმომადგენელს, აწ გარდაცვლილ დოქტორ ტომ კავანას.
უოტერფორდის მერმა, ჯონ ო'ლირიმ კი განაცხადა, რომ ახალი მუზეუმი „გლობალური გაგებით, არის მშვენიერი ტურისტული შეთავაზება“ და ქალაქის ღირსშესანიშნავობების კოლექციაში ღირსეულ ადგილს დაიკავებს.
მიცვალებულთა დაკრძალვის ტრადიციების მუზეუმი საზოგადოებისთვის ღიაა ამ შაბათ-კვირიდან, ყოველი ბილეთის გაყიდვიდან 1 ევრო უოტერფორდის ჰოსპისის მოძრაობას გადაეცემა.
0
0