26/07/2023
10:03
საზოგადოება
ირლანდიაში თავშესაფრის მიღების მსურველებს შორის საქართველოს მოქალაქეები რაოდენობით პირველ ადგილზე არიან - სტატისტიკურ ინფორმაციას თავშესაფრის მიმღებთა საცხოვრებლებში განთავსებულების შესახებ ირლანდიის ბავშვთა, თანასწორობის, შშმ პირთა, ინტეგრაციისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტი აქვეყნებს.
დოკუმენტში, რომელიც 16 ივლისს გამოქვეყნდა, საქართველო თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობით უწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ნიგერია, სირია, სომალი, ზიმბაბვე და კონგო. ამ ანგარიშის მიხედვით, საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი 8-ჯერ მეტია, ვიდრე უკრაინიდან თავშესაფარის მთხოვნელების.
საერთაშოროსო დაცვის განსახლების სამსახურის (IPAS)მონაცემებით, საქართველოდან თავშესაფრის მსურველები პირველ ადგილას არიან მთელი 2023 წლის განმავლობაში. IPAS-ი საცხოვრებელით უზრუნველყოფს მხოლოდ მათ, ვინც ირლანდიაში ჩადის თავშესაფრის მოთხოვნით და არ აქვს საკმარისი თანხა იმისათვის, რომ უზრუნველყოს საკუთარი საკუთარი საცხოვრებელი პირობები. IPAS-ის მხრიდან საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება იმ ვადამდე, სანამ საემიგრაციო სამსახური განიხილავს აპლიკაციას და მიიღებს გადაწყვეტილებას.
ირლანდიური მედიის თანახმად, საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა 2021 წლიდან იწყება. 2022 წლის პირველ 8 თვეში ირლანდიაში თავშესაფარი ითხოვა 1800-მდე საქართველოს მოქალაქემ, რაც 8-ჯერ მეტია, ვიდრე მთელი 2021 წლის განმავლობაში შესული განაცხადებები საქართველოს მოქალაქეების მხრიდან.
ირლანდიის ლტოლვილთა საბჭოს მონაცემებით, 2022 წელს, იანვრიდან ივლისამდე საქართველოდან ჩასული თავშესაფრის მაძიებლებიდან 20%-მა მიიღო დადებითი პასუხი, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 18% იყო. საბჭო აღნიშნავს, რომ არა მხოლოდ ირლანდიაში, არამედ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკაში საქართველოდან მიგრანტები ძირითად განმცხადებლებს შორის ხვდებიან.
რადიო თავისუფლება
0
0